გოგა ხაინდრავა: შამბას მიმართვით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში უმძიმესი კრიზისული ვითარებაა

კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას მიმართვას ეხმაურება.
ხაინდრავას შეფასებით, შამბას მიმართვით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში უმძიმესი კრიზისული ვითარებაა.
როგორც ხაინდრავამ განაცხადა, ამ ფონზე ქართულ საზოგადოებას მართებს ყურადღების გამოჩენა, შექმნილი მდგომარეობის ლოგიკურად გააზრება და პოპულისტურ განცხადებებზე უარის თქმა.
„მე ვფიქრობ, რომ შამბას მიმართვა, გზავნილები, ნათლად ასახავს იმ კატასტროფულ ვითარებას, რაც ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთშია შექმნილი. ვითარება ძალიან რთულია, მძიმეა და უპერსპექტივოა. რუსეთს მცირე ერების დაცვის ინტერესი არც არასოდეს არ ჰქონია. რუსეთი არის ჩვეულებრივი იმპერიალისტური ქვეყანა, რომელიც ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომ კერძო ინტერესები განახორციელოს მეზობელი და არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნების მიმართ. ამ შემთხვევაში აფხაზური სეპარატიზმი იქნა გამოყენებული, როგორც საბაბი და ვხედავთ ამის სავალალო შედეგებს. ვითარება იმდენად მძიმეა, რომ შექმნილი კრიზისის შესახებ უკვე ხმამაღლა, დაუფარავად საუბარი დაიწყეს იმ ადამიანებმა, რომლებიც აფხაზური სეპარატიზმის სათავეში იყვნენ. ასეთი ვითარებამდე მისვლა მოსალოდნელიც იყო. ყველაზე მთავარი და მტკივნეული ამ გამოსვლაში არის ის, რომ შამბა, რომელიც აფხაზეთის მომავალზე მის დამოუკიდებლობაზე საუბრობს, საკუთარ თანამოაზრეებს რუსულ ენაზე მიმართავს, აფხაზური საზოგადოება ზის იქ და საუბრობენ რუსულ ენაზე. მით უმეტეს ისეთი ტიპის შეხვედრაზე, როგორიც იქ იყო. ეს არი იყო ე.წ. საერთაშორისო შეხვედრა, იქ არც რუსეთის წარმომადგენლები არ ისხდნენ. მე ვფიქრობ ეს გარემოება ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელიც არსებობს აფხაზეთში და ეს პრობლემა საქართველოს გარეშე განუკურნებელია. ჩვენთან ხანგრძლივი თანაცხოვრების პირობებში აფხაზები სხვა ენაზე არ მიმართავდნენ ერთმანეთს და ყოველთვის ჰქონდათ შესაძლებლობა ერთმანეთში აფხაზურად ესაუბრათ. მე მინდა, როგორც აფხაზურმა ისე ქართულმა საზოგადოებამაც იცოდეს, რომ ერთადერთი გზა წარმატების, განვითარების ეს არის ქართულ-აფხაზური ერთობა. პირველ რიგში აფხაზებმა უნდა გაიაზრონ, რომ გზა აფხაზური ეთნოსის მომავლისა, რომელიც ძალიან ძვირფასია, არის გზა, რომელითაც საქართველო მიდის. მე ვფიქრობ, რომ ეს ელემენტები ამ გამოსვლაშიც გაჟღერდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შექმნილ ვითარებაში უფრო მნიშვნელოვანი მეჩვენება ქართული საზოგადოების რეაქცია. ახლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პოპულიზმი, სპეკულირება ვაი პოლიტიკოსების მხრიდან. გონივრულად უნდა მივუდგეთ თქმულს, გავიაზროთ და აქედან გამომდინარე უნდა გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები. ამ ყველაფრის გააზრებით დაკავებულები უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც საკითხი სიღრმისეულად იციან და არა პოლიტიკური ინფანტილიზმით შეპყრობილი ადამიანები“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
„ჩვენ ღრმა კრიზისში ვართ და თუ ამ ვითარებიდან არ გამოვალთ, მერე მუხლებზე დავდგებით და საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ თავიანთ შემადგენლობაში მიგვიღონ“, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა.
შამბას თქმით, “აფხაზეთის ხელისუფლებაში” უპასუხისმგებლო ადამიანები იმყოფებიან, სწორედ ამის გამო “ქვეყანა” პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია.
მისივე განმარტებით, მას პირადი ინტერესი არ გააჩნია და მისი გულისტკივილი მხოლოდ “ქვეყნის” მომავალს უკავშირდება.
“მე არ ვარ იმ ასაკში, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდე, მე ჩემს შვილიშვილებზე და მათს მომავალზე ვფიქრობ”, – აღნიშნა სერგეი შამბამ.
ამასთან როგორც მან განმარტა, აღნიშნულ ვითარებაში “ხელისუფლებას” რამის შეცვლის უნარი არ შესწევს.
„ხელისუფლების მხრიდან სრულ უმოქმედობას ვხედავთ. უუნარონი არიან რამე გააკეთონ. ხელისუფლებისგან ყოველთვის გვესმის, ადრე რა უკეთესი იყო. ჩვენ არ გვსურს, როგორც ადრე იყო. ჩვენ უკეთესობა გვინდა. გვსურს, ვიღაცა ადგეს და გამოასწოროს ის, რაც ჩვენთან ხდება. ოთხი წელი გავიდა და ვხედავთ, რომ ამ პრეზიდენტს არ შეუძლია სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა. ჩვენ გვჭირდება მტკიცედ განწყობილი ადამიანი, რომელიც დაიწყებს მოქმედებას. ყველა აღიარებს, რომ ჩვენ ღრმა კრიზისში ვართ, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა სერგეი შამბამ.
შამბას განცხადებით, საჭიროა კრიზისიდან გამოსვლაზე ფიქრი.
„ყველა და პირველ რიგში, მე ვარ დამნაშავე, რომ ეს ხალხი ხელისუფლებაშია. ვიმედოვნებდით, რომ რამეს გააკეთებდნენ. ჩვენ წინ 90-იანი წლების მსგავსი უდიდესი ტრაგედია გველოდება, როდესაც ყველაფერი დავკარგეთ და ახლაც ყველაფერს ვკარგავთ. ხელისუფლება უმოქმედოა, ხვალ ისევ გველის ისეთი ტრაგედია, როგორც მეცხრამეტე საუკუნეში, როდესაც ყველაფერი დავკარგეთ და ახლაც დავკარგავთ. თუ ვითარება არ გამოსწორდება, მოგვიწევს, მუხლებზე დავდგეთ და საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღება ვთხოვოთ. ხვეწნას დავუწყებთ. ეს გინდათ? მე ეს არ მინდა! მე არანაირი თანამდებობა არ მინდა, რომ მთხოვონ, არც დავთანხმდები. აქ ვარ ასლან ბჟანიას მხარდასაჭერად. ამ ხელისუფლებას და ამ პრეზიდენტს არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. აფხაზეთში ყველა თანხმდება, რომ ჩვენ ღრმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისში ვიმყოფებით“, – განმარტა შამბამ.
ამასთან, შამბამ აღნიშნა, რომ თუ უახლოეს მომავალში კრიზისი არ განეიტრალდება, აფხაზეთი უფსკრულში გადაიჩეხება, საიდანაც თავის დაღწევა ვეღარ მოხერდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები