მაია ფანჯიკიძე: ველოდებით, რომ საქართველოს პროგრესი ადეკვატურად აისახება ნატოს სამიტზე
ჩვენც, როგორც ნატოს წევრი ქვეყნები და გენერალური მდივანი ველით, რომ საქართველოს პროგრესი ადეკვატურად აისახება ნატოს სამიტზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ამ დღეებში რამდენიმე კომენტარი გაკეთდა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ნატოს სამიტზე ადეკვატურად ასახვაზე.
“ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით იმ გამონათქვამებს, რომელიც გაკეთდა ბრატისლავაში ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ. ასევე ვეთანხებით იმ განცხადებას, რომელიც გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა. საქართველომ დიახ, მიაღწია ძალიან დიდ პროგრესს, ძალიან ბევრი მიმართულებით, არა მხოლოდ თავდაცვის სფეროში, არამედ დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. ეს არის ის პროგრესი, რომელიც მოეთხოვებოდა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ეს არის პროცესი, რომელიც კიდევ უფრო ვითარდება”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, თუ რა ფორმით მოხდება საქართველოს პროგრესის ასახვა უელსის სამიტზე, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს და ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერჯერობით არ არსებობს.