ირაკლი ალასანია: მკაცრად უნდა იყოს რეგლამენტირებული, რა შემთხვევაში შეუძლია სახელმწიფოს მოსმენა
მკაცრად უნდა იყოს რეგლამენტირებული, რა შემთხვევაში შეუძლია სახელმწიფოს მოსმენა – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა. თავდაცვის მინისტრი “რუსთავი-2”-ის მიერ გამოქვეყნებულ ფარული ჩანაწერების თემას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი ალასანიაც ფიგურირებს.
ალასანიას განცხადებით, მრავალი წლის განმავლობაში, დამკვიდრებული იყო ცუდი პრაქტიკა, როდესაც სახელმწიფო უკანონოდ უსმენდა საკუთარ მოსახლეობას. “ბუნებრივია, ერთადერთი გამოსავალი აქ სწორი კანონმდებლობის ჩამოყალიბებაა, რასაც საქართველოს მთავრობა არასამთავრობოებთან ერთად აკეთებს. ეს წერტილს დაუსვამს კანონის ყველანაირ ინტერპრეტაციებს, მკაცრად უნდა იყოს რეგლამენტირებული, რა შემთხვევაში შეუძლია სახელმწიფოს ასეთი საშუალების გამოყენება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტი უახლოეს დღეებში ამ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.