ალექსი პეტრიაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა სლოვაკეთში, ქ. ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლიტვურ მხარეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის და განსაკუთრების აღნიშნა ლიტვის სეიმის მიერ მიღბული საქართველოსა და მოლდოვის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომლის თანახმადაც ლიტვის ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტებს და ევროპარლამენტს მოუწოდებს, საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისთვის მზადება დაიწყონ.
ალექსი პეტრიაშვილმა ქვეყნის წინაშე არსებულ საგარეო საფრთხეებსა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაძლიერებულ ზეწოლაზე ისაუბრა. კერძოდ, სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ოკუპაციის ხაზთან არსებულ ვითარებასა და მიმდებარე სოფლებიდან მოსახლეობის გატაცების გახშირებულ ფაქტებზე. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით არსებულ ვითარებაც განიხილეს.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ნაჩვენებ პროგრესს. ლინას ლინკევიჩუსმა ქართულ მხარეს მიულოცა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის თარიღის განსაზღვრის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ლიტვის ხელისუფლება იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევნის მტკიცე მხარდამჭერი.