ირაკლი შიხიაშვილი: “ნაციონალურმა მოძრაობამ” მებრძოლ ათეისტად კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავი

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი საკრებულოს მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის თაობაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებას ეხმაურება. საკრებულოს თავმჯდომარე მაჭავარიანს “ბინძური პიარკამპანიის აგორებაში” ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ “ნაიონალურმა მოძრაობამ” მებრძოლ ათეისტად კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავი.
“საერთოდ არ ვფიქრობდი და არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, რომ არა საარჩევნო ბლოკ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელის, მიხეილ მაჭავარიანის მიერ რამდენიმე სახელმწიფო უწყებისთვის, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიწერილი გაუგებარი საჩივარი, რომლითაც ის თბილისის საკრებულოს წინასაარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვაში ადანაშაულებს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საკრებულომ 14 აპრილს ეკლესია – მონასტრების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გამოყო თანხები ბიუჯეტში და თითქოს ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა. ერთი მხრივ, მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რომ საკრებულო თანხებს არ განკარგავს. ეს მერიის პრეროგატივაა. მეორე მხრივ, თბილისის საკრებულომ, რომელმაც ბიუჯეტი ახალი რეგულაციებით არა 14 აპრილს, არამედ 7 მარტს დაამტკიცა, კეთილმოწყობის მუხლში თბილისის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია – მონასტრებისთვის დასახმარებელი თანხა გაითვალისწინა. იმისათვის, რომ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას და მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობას” ამ თემით სპეკულირების და მანიპულირების საშუალება არ მისცემოდა, საკრებულოს ბიურომ მერიას რეკომენდაციის სახით შესთავაზა ბიუჯეტში უკვე არსებული ფულადი სახსრების თანაბარი და სამართლიანი განაწილების წესი ტაძრების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის, მაქსიმალური ზღვრული ოდენობით 10 000 ლარი”, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა საკრებულოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას თბილისის საკრებულოს ბიუროს წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი.
“ამის მიუხედავად, “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ცდილობს, მისთვის ჩვეული, ბინძური პიარკამპანიის აგორებას და ამ თემის პოლემიკის საგნად ქცევას. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავი მებრძოლ ათეისტად. ეს სექტანტური აზროვნების მქონე ლიდერები მიხეილ მაჭავარიანის მეთაურობით ერთმანეთში შეგნებულად ურევენ ეკლესიებისთვის დახმარებას წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვაში.
ამასთანავე, ისინი ვერ ერკვევიან კანონში, ვინაიდან საკრებულოს 14 აპრილის სხდომაზე ამ თემაზე არ უმსჯელია, რადგანაც, ვიმეორებ, აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 7 მარტს დამტკიცდა. ჩვენ ყველა ტაძარს 16 აპრილს მივაწოდეთ ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ და განვუმარტეთ, რომ აღნიშნული თანხის მიღება შეუძლიათ რაიონული გამგეობების ბიუჯეტიდან შესაბამისი განცხადების საფუძველზე, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საპატრიარქოსთან”, – აღნიშნა შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები