ნორლანდი: უელსის სამიტზე ყველა მოკავშირე აღიარებს, რაოდენ დიდი პროგრესი აქვს საქართველოს
უელსის სამიტზე აღიარება იქნება ყველა მოკავშირის მიერ, თუ რაოდენ დიდი პროგრესი აქვს საქართველოს კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, – ამის შესახებ “მაესტროს ცხრიანში” საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა. რაც შეეხება კითხვას, თუ რამდენად რეალურია მაპ-ის მიღების პერსპექტივა, როგორც ნორლანდმა განაცხადა, ამ კითხვას დღეს პასუხს ვერ გასცემს.
“უელსის სამიტზე იქნება აღიარება ყველა მოკავშირის მიერ, თუ რაოდენ დიდი პროგრესი აქვს კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით საქართველოს, განსაკუთრებით უკანასკნელი წლების განმავლობაში. 1993 წელს, 6 თვის განმავლობაში, ეუთოს წინამორბედი ორგანიზაციის ეგიდით, საქართველოში ვიმყოფებოდი. იმ პერიოდში არ იყო ქვეყანაში ელექტროენერგია, ციოდა, სიბნელე იყო. საქართველომ ძალიან დიდი გზა განვლო ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესებისა და თავისუფალი, ღია არჩევნების ჩატარების მხრივ”, – აღნიშნა ნორლანდმა.
მისივე თქმით, საქართველოს როლს ავღანეთში, ნატოს მისიის შესრულებისას უელსში, ნატოს სამიტზე ყველა დააფასებს. “საქართველო აგზავნის თავის ნაწილებს, მხარს უჭერს ნატოს მისიას ავღანეთში და მაღალი ხარისხის პროფესიონალიზმს ავლენენ ქართველი ჯარისკაცები. ფანტასტიკური პარტიორები არიან საზღვაო ქვეითებისთვის ჰელმანდის პროვინციაში. მე, პირადად, ჩემს მეუღლესთან ერთად ბათუმთან ახლოს მინდია აბაშიძის დაკრძალვაზე ვიმყოფებოდი, მცხეთის მუნიციპალიტეტში კი ზვიად სულხანიშვილის დაკრძალვას დავესწარით.
გვსურდა, გამოგვეხატა მხარდაჭერა ოჯახებისთვის, იმ თავგანწირვისთვის, რომელიც ქართველებმა გაიღეს. ამას უელსში, ნატოს სამიტზე ყველა დააფასებს. რა ფორმით იქნება აღიარება, მოკავშირეები კვლავ საუბრობენ და კვლავ გადასაწყვეტია, მაგრამ რეალური დაფასება იქნება იმ უზარმაზარი პროგრესისა, რომელიც საქართველოს აქვს”, – აღნიშნა ნორლანდმა.
ნორლანდმა კომენტარი გააკეთა საქართველოში თავდაცვითი სისტემების განთავსების შესახებაც და აღნიშნა, ნატოს ნებისმიერი გადაწყვეტილება განთავსებაზე უნდა გადაწყდეს ნატოს 28 ქვეყნის მიერ.
“არ ვიცი რაიმე მყისიერი გადაწყვეტილების შესახებ. რასაკვირველია, მოკავშირეები აკვირდებიან მოვლენებს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა ამაზე. ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ივნისში შეხვდებიან ერთმანეთს. მიმდინარეობს მზადება ძალიან მნიშვნელოვანი სამიტისთვის, რომელიც სექტემბერში უელსში გაიმართება”, – აღნიშნა ნორლანდმა.
მისივე თქმით, სამწუხარო რეალობაა ის, რომ რუსეთის ქცევა აფიქრებინებს ყველა პასუხისმგებლობის მქონე ლიდერს, რომ უნდა იყოს მზად ყველა შესაძლო სცენარისთვის.
“ჩვენი და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება არის დეესკალაციაზე და არა ესკალაციაზე. ყურადღება არის დიპლომატიურ გამოსავალზე, ეკონომიკურ სანქციებზე. სამწუხარო რეალობაა ის, რომ რუსეთის ქცევა აფიქრებინებს ყველა პასუხისმგებლობის მქონე ლიდერს, რომ უნდა იყოს მზად ყველა შესაძლო სცენარისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ, საქართველოს სხვა პარტნიორები, რასაკვირველია, კონსულტაციებს ატარებენ საქართველოსთან, რომ ნებისმიერი სცენარისთვის მოხდეს მომზადება. კონსულტაციის პროცესი მიმდინარეობს უკვე გარკვეული ხნის განმავლობაში. ეს მოხდა პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის დროს. ეს კონსულტაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. თავდაცვის მინისტრს ძალიან აქტიური შეხვედრები ჰქონდა თავდაცვის მდივანთან”, – აღნიშნა ნორლანდმა.