პრემიერმა შვიდ რეგიონში ახალი გუბერნატორები წარადგინა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ახალი გუბერნატორები წარადგინა. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პოსტს შალვა კერესელიძე დაიკავებს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, იგი დუშეთშია დაბადებული და იცნობს რეგიონის სპეციფიკას და მის რობლემებს.
„მას აქვს დიდი გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში. ის დღემდე ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს. მას აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ შეგვიძლია შევიტანოთ დამატებით ინკლუზიური განვითარება ამ ულამაზეს რეგიონში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის პოსტზე მამუკა ბახტაძემ შოთა რეხვიაშვილი წარადგინა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის იკავებდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ასევე, მას აქვს დიდი გამოცდილება სამართალდაცვით სფეროში. „მჯერა, რომ იგი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ქვემო ქართლში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რეგიონის წინსვლისა და განვითარებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორის პოსტზე მამუკა ბახტაძემ ბესიკ ამირანაშვილი წარადგინა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღემდე, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
„წარმატებებს ვუსურვებ მას ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ხოჯევანიშვილი წარადგინა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ის სახელმწიფო სტრუქტურაში კერძო სექტორიდან გადმოინაცვლებს. „ის დღემდე იკავებდა თანამდებობას კომპანია „მაგთიკომში“. მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება, იყო ვენეციის კომისიის წარმომადგენელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის პოსტს ალექსანდრე მოწერელია დაიკავებს. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ალექსანდრე მოწერელია სახელმწიფო სტრუქტურაში კერძო სექტორიდან მოდის.
„მას აქვს ძალიან საინტერესო ბიზნესპროექტების გამოცდილება სოფლის მეურნეობაში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ რეგიონებში ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში ის შეძლებს თავისი წვლილის შეტანას”, – აცხადებს ბახტაძე.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საკადრო ცვლილებები გუბერნატორების მოადგილეებსაც შეეხება.
მამუკა ბახტაძის თქმით, სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილედ ნინო ვიბლიანი დაინიშნება, რომელიც დღემდე სოფელ ჭუბერში მერიის წარმომადგენელის პოსტს იკავებდა. გურიის რეგიონის გუბერნატორის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნასარია წარადგინა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მას აქვს მრავალფეროვანი გამოცდილება საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან ურთიერთობის საკითხებში. „მჯერა, რომ ზურაბი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება გურიაში შეიცვალოს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ ამ რეგიონში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტების რეალიზაციის შემდეგ, ვიხილავთ მნიშვნელოვანწილად გააქტიურებულ ეკონომიკურ ცხოვრებას გურიაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება იმერეთის რეგიონს, იმერეთის რეგიონის გუბერნატორად პრემიერ- მინისტრმა შავლეგო ტაბატაძე წარადგინა.
„შავლეგო გახლავთ გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი. ის გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული სამხედრო. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, სწორედ ის ხელმძღვანელობდა ქართული მხრიდან ძალიან მნიშვნელოვან სწავლებებს. იგი მონაწილეობდა საქართველოს სამშვიდობო მისიებში და ის გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო ამ მიმართულებით. მას აქვს ძალიან დიდი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში და პირადად მისი ავტორიტეტი ჩვენს ჯარისკაცებში საკმაოდ მაღალია. მე განსაკუთრებით მიხარია,
რომ ასეთი შესანიშნავი ბიოგრაფიის კაცს ჩვენ ვანდობთ ისეთ საპასუხისმგებლო საქმეს, როგორიც არის ქვეყნის ერთ-ერთი რეგიონის ხელმძღვანელობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი რეგიონების თანაბარი განვითარებაა. სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა და მათ გადასაჭრელად, ცალკეული პროექტების განხორციელება საკმარისი არ არის. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, “ის გეგმები, რომლებიც დაისახა რეგიონების განვითარებისათვის, უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად, სრულყოფილად და ძალიან მაღალი დონის დისციპლინით. „რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ მათზე ზრუნავს სახელმწიფო. ამასთან ერთად, ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ შევქმნათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი საზოგადოებასთან კომუნიკაციის, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება,  გვქონდეს პირდაპირი კავშირი ჩვენს მოსახლეობასთან და ამასთან ერთად, მივიღოთ უკუკავშირი იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც არსებობს თითოეულ სოფელში, რათა გვქონდეს უკეთესი საშუალება, მოვახდინოთ ოპერატიული რეაგირება. შესაბამისად, ჩვენ მიერ შერჩეულ გუბერნატორებს დღეს ეძლევათ შესაძლებლობა იმისა, რომ თავიანთი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი, ენთუზიაზმი და ენერგია მოახმარონ ჩვენს ერსა და ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ახალ გუბერნატორებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ეს პოსტი მათთვის არის საუკეთესო შესაძლებლობა, ახალი იდეების, ხედვების განსახორციელებლად. „ჩვენი ქვეყნის რეგიონებში არის განვითარების დიდი პოტენციალი. მე მჯერა, რომ ამ რესურსს მაქსიმალურად ავითვისებთ და რაც მთავარია, თვისებრივად
შევცვლით ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას ქვეყნის ყველა წერტილში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები