სოფო კილაძე: ვცდილობთ, საკანონმდებლო ცვლილებებით, შევქმნათ გარანტიები ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა უფლებების გასაზრდელად

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობს.
როგორც „კვირას“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრა, სადაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე იმსჯელეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა. განხილვაში ჩართული იყვნენ გენდერული თანასწორობის საბჭოს, სახალხო დამცველის ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა მონაწილე მხარეების მიერ მომზადებული, ქალთა უფლებების დაცვის გაძლიერებისკენ მიმართული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ერთმანეთისთვის გაზიარება იყო. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, კომიტეტის მიერ მომზადებული პროექტით, გათვალისწინებულია ცვლილებების შეტანა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში, საქართველოს კანონში „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” , საქართველოს პატიმრობის კოდექსში და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მათ მიერ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია და საკანონმდებლო ცვლილების პაკეტის პროექტი წარმოადგინა. პრეზენტაციების შემდეგ, სამუშაო ჯგუფმა შემოთავაზებული ვერსიები დისკუსიის ფორმატში განიხილა.
კომიტეტის თავმჯდომარემ თავის სიტყვაში საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა.
“სამწუხაროდ, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობამ ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით ფართო მასშტაბებს მიაღწია. უამრავი ადამიანი, მათ შორის ქალები, ბავშვები, ხანდაზმულები, ყოველდღიურად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი. მიუხედავად ამ კუთხით გადადგმული ბევრი ნაბიჯისა, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, კვლავ გვაქვს სერიოზული გამოწვევები. სწორედ საკანონმდებლო ცვლილებებით ვცდილობთ შევქმნათ მყარი გარანტიები, ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა უფლებების გასაზრდელად”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
მომავალში, დაგეგმილია დიალოგის გაგრძელება გაფართოებული მასშტაბით, შესაბამისი სამთავრობო უწყებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები