ეკა ბესელია: დავით უსუფაშვილმა შეცდომა დაუშვა

„დავით უსუფაშვილმა შეცდომა დაუშვა“, – ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადება.

დეპუტატი ფიქრობს, რომ უსუფაშვილის კომენტარით პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის დაკნინება მოხდა და ეს არ უხდებოდა არც საპრეზიდენტო კანდიდატს და არც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს.

„ასეთი კომენტარი განსაკუთრებით უსუფაშვილისგან გამიკვირდა. ვინ – ვინ და, მან ძალიან კარგად იცის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ის პირი არ არის, რომელიც პერსონალურად გადაწყვეტილებას მხოლოდ ისეთ საკითხებზე იღებს, როგორებიცაა თანაშემწის დანიშვნა ან ვინმეს მივლინებაში გაშვება. პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებაში პირველი წერია, რომ ის პარლამენტს ქვეყნის საშინაო და საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს. საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც პარლამენტს ყველაზე მნიშვნელოვანი, მაკონტროლებელი ფუნქცია აქვს და როცა სპიკერი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას წარმოადგენს, მისი უფლებამოსილება ასე რომ დაამცირო და დააკნინო, ეს იმას ნიშნავს, რომ შეურაცხყოფა საკუთარ უფლებამოსილებას მიაყენო, რასაც ახორციელებდი. მისი მხრიდან დიდი შეცდომა იყო დაშვებული, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე იყო და იცის, რომ სპიკერი თანაშემწის დანიშვნისა და მივლინებაში ვინმეს გაშვების გარდა, ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმართებით რეგლამენტში სხვა ბევრი ფუნქცია წერია, ხოლო მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დაკნინება საკუთარი, წარსული საქმიანობის უპატივცემულობაა“, – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თუ ადმინისტრაციულ-სახელისუფლებო წონის მიხედვით იმსჯელებენ, პარლამენტის თავმჯდომარე მინუს მესამე სართულზე უნდა განთავსდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები