სერგეი შამბა: ბათუმი უფრო მდიდრულია და სხვა დონეა, ვიდრე გაგრა

„ბათუმი უფრო მდიდრულია და სხვა დონეა, ვიდრე გაგრა“, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ რადიო „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ბათუმი ევროპული დონის კურორტია და როგორ არის განვითარებული ქალაქ გაგრის ინფრასტრუქტურა, სერგეი შამბა პასუხობს:
„არ ვიცი, ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს. როგორც ვხედავ, უმრავლესობა მაინც კმაყოფილია აფხაზეთში დასვენებით – ბევრი ჩამოდის. ჩემთვის ახლა რთულია საუბარი. მე საკუთარი შეხედულება მაქვს, დაინტერესებული პირი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბათუმი უფრო მდიდრულია და სხვა დონეა. აქ ალბათ, უფრო მარტივია ყველაფერი, თუმცა ზღვა აქაც კარგია, უკეთესიც კი, ვიდრე – ბათუმში“, – აღნიშნა შამბამ გაგრის ინფრასტრუქტურის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
ამავე ინტერვიუში, სერგეი შამბა აცხადებს, რომ აჭარაში კურორტები უფრო მეტად არის განვითარებული, რადგან „იქ მეტი ინვესტიცია იყო“.
„საქართველოს ეხმარება მთელი მსოფლიო – აშშ, ევროპა. მრავალი ქვეყანა აღიარებს და დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციებით. აჭარაში ინვესტიციებს დებენ ყაზახეთიც, აზერბაიჯანიც და სხვა ქვეყნები. ჩვენ კი, ძირითადად, ორიენტირებული ვართ მხოლოდ რუსულ ინვესტიციებზე. არის ზოგიერთი ინვესტორი თურქეთიდან, თუმცა ძირითადად, რუსულია. აქ უფრო რთულია. 2008 წლამდე, ჩვენ ბლოკადაში ვიყავით, ესეც გასათვალისწინებელია. აფხაზეთში იყო ომი. აქ განადგურდა მთელი ინფრასტრუქტურა, ქარხნებით, ფაბრიკებით. მთელი აღჭურვილობა გაიტანეს საქართველოში, საზღვაო ხომალდებიც. ყველაფერი, რისი გატანაც შეიძლებოდა, გაიტანეს საქართველოში. ჩვენ ჩამოვედით სრულიად განადგურებულ, გაღარიბებულ დედაქალაქში. ბევრ ადამიანს სახლები დაუწვეს, შიდა მიგრაციაა. ჩვენ ეს სირთულეები ჯერ კიდევ არ გადაგვილახავს, თანდათან გადავლახავთ, რუსეთი გვეხმარება. ეს რუსეთის დახმარებით ხდება“, – განაცხადა შამბამ.
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები