თუშეთში ნასოფლარ წაროს და 9 ციხე-სოფელს ეროვნული კატეგორია განესაზღვრა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ წაროს, ასევე, 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შესაბამისი ბრძანებით, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. სტატუსი ობიექტებს განესაზღვრათ 10 ივლისის ბრძანებით.
ნასოფლარი მდებარეობს თუშეთის ალაზნის ხეობაში, მდინარის მარცხენა ნაპირას. გაშენებულია ციცაბო მთის კალთაზე. ნაგებობები ძლიერაა დაზიანებული. მათი უმეტესობა ნაგრევების სახითაა შემორჩენილი, ნაწილი კი თუმცა მნიშვნელოვანი დანაკარგებით, მეტ-ნაკლებად სახეზეა. მათ შორისაა ორი კოშკი. ერთი მათგანი ნასოფლარის ჩრდილოეთ ნაწილშია, მეორე სამხრეთ განაპირას. ნასოფლარის განაპირას, მდ. გომეწრის ალაზნის მარცხენა ნაპირზე სამაროვანია, რომელზეც 1912 წელს არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა ვ. მოლჩანოვმა.
სოფელში შენობები – სახლები, ჯგუფადაა განლაგებული. ისინი პირით ფერდობისკენ არის მიმართული, შესაბამისად, დანარჩენი გვერდებიც შენობებს ერთ მხარეს აქვთ. არის ცალკეული შემთხვევებიც, როდესაც შენობები ერთმანეთზეა მიდგმული.
კოშკი. მდებარეობს ნასოფლარის სამხრეთ განაპირას, ფერდობზე განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
კოშკი ხუთსართულიანია (5,4X5,2 მ), ზემოთკენ ოდნავ შევიწროებული. ნაშენია ფიქლის მშრალი წყობით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია სართულშუა გადახურვა, მონგრეულია V სართულის კედლების დიდი ნაწილი.
კოშკი. დგას ნასოფლარის ჩრდილოეთ ნაწილში, ფერდობზე განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.იგი გეგმით ოთხკუთხაა (7X6 მ), ზემოთკენ ოდნავ შევიწროვებული. ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. დაზიანებულია: შემორჩენილია ოთხი სართული.
1912 წელს, წოვათაში, ნასოფლარ წაროს სამაროვნის აკლდამებს იკვლევდა ნ. მოლჩანოვი. შესწავლილ იქნა ხუთი მიწისზედა აკლდამა. აკლდამები გაძარცვული ყოფილა. მათში აღმოჩენილი ნივთების (ბრინჯაოს ორნამენტირებული სარკეები, საყურეები, ორნამენტირებული სამაჯურები, ბეჭდები, აბზინდები, ვერცხლის საყურეები, რკინის სამაჯურები, მინის და სარდიონის მძივები და სხვ (მოპოვებული მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში).
ფიქრობენ, რომ VIII-IX საუკუნეებში წარო დასახლებული ყოფილა.