დავით ზალკალიანმა შვეიცარიას ეროვნული დღესასწაული მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შვეიცარიის ეროვნულ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-შვეიცარიის მეგობრულ და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე, რომელიც როგორც პოლიტიკურ, ასევე, ეკონომიკურ, საპარლამენტთაშორისო, რეგიონულ, კულტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს მოიცავს.
“შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკას, რაც ასევე გახლავთ მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის გამოხატულება. განსაკუთრებით აღინიშნა მიმდინარე წლის სექტემბერში შვეიცარიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დაგეგმილი ვიზიტი.
საკუთარ გამოსვლაში მინისტრი მიესალმა საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლას, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და შვეიცარიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას. ამ კონტექსტში, მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ კონკრეტულ საინვესტიციო და ეკონომიკურ პროექტებს, რომლებიც უკვე ხორციელდება და მნიშვნელოვანი სტიმულია სხვა შვეიცარიული კომპანიებისთვის, განახორციელონ ინვესტიცია საქართველოში.
განსაკუთრებით გაესვა ხაზი მემორანდუმს, რომელსაც ხელი მოეწერა მიმდინარე წლის ივნისში და საქართველოში შტადლერის ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს“,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ცალკეული პროექტები ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველო შვეიცარიული კომპანიებისთვის საინტერესო და მიმზიდველია ინვესტიციებისა და ბიზნესის წარმოებისთვის”,- აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრი ასევე, მიესალმა შვეიცარიის სამხრეთ კავკასიასთან თანამშრომლობის 2017-2020 წლის სტრატეგიას, რომელიც, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში, მოიცავს კონკრეტულ პრიორიტეტებს ინსტიტუციური განვითარების, გარემოს დაცვის, ნდობის აღდგენისა და სხვა მიმართულებით.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები