პარლამენტის თავმჯდომარე: პრეზიდენტი უზრდელობდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს არაეთიკური გამონათქვამების გამო აკრიტიკებს და უზრდელობაშიც ადანაშაულებს. საქმე ეხება მარგველაშვილის განცხადებას, რომელშიც ის ამბობს, რომ “კურიოზი” იქნება თუ “ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებში უპარტიო კანდიდატს დაასახელებს”. ამ განცხადებას კობახიძემ “პალიტრის” ეთერში უპასუხა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ხშირად ახასიათებს არაეთიკური გამონათქვამები, ის თავისი პირით თუ თანაშემწეების მეშვეობით არა მხოლოდ ეთიკის ნორმებს არღვევს ხშირად, არამედ უზრდელობაც არა ერთხელ მოგვისმენია პირადად მისი ან მისი თანაშემწეების მხრიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტმა ეთიკური ნორმები არაერთხელ დაარღვია: “მათ შორის ვგულისხმობ იმას, რომ მას ჰყავდა შტაბის უფროსი „ქართული ოცნებიდან“, თუმცა გამარჯვების შემდეგ მას გამარჯობასაც არ ეუბნებოდა. ჩვენი მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, თუმცა უნდა დაიცვას ელემენტარული ეთიკის ნორმები“, – განაცხადა კობახიძემ.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. თარიღი გიორგი მარგველაშვილმა დაასახელა.

მოქმედმა პრეზიდენტმა ისევ არ დააკონკრეტა აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას.

გიორგი მარგველაშვილი კურიოზად თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოცნება“ უპარტიო კანდიდატს ასახელებს. მან ხაზი გაუსვა, რომ თვითონაც უპარტიო კანდიდატი იყო, რომელსაც მმართველმა პარტიამ 2013 წელს მხარი დაუჭირა და ამის გამო მმართველი გუნდი 5 წლის განმავლობაში აყვედრიდა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებებზე ხელი უნდა მოეწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები