გიორგი მარგველაშვილმა იანოშ ჰერმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ელჩ იანოშ ჰერმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის ელჩს საქართველოში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი წარმატებები უსურვა. ხაზი გაესვა საქართველოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან კლოდ იუნკერის შეხვედრისას მიღწეულ შეთანხმებას, საქართველო – ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის შექმნის შესახებ.
შეხვედრისას, აღინიშნა საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობა და პროცესის ხელშემწყობი ფაქტორები. აღინიშნა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს აქვთ მჭიდრო და დინამიური ურთიერთობები, რომლებიც საერთო ღირებულებებს და მიზნებს ეფუძნება. ერთობლივი ძალისხმევისას კი, ორივე ხელმძღვანელობს “ასოცირების შესახებ შეთანხმებით”, რომელშიც ჩამოყალიბებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარების მიზნები.
შეხვედრისას, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან და მზარდ ფინანსურ მხარდაჭერას ამ ამბიციური პროგრამისათვის, რომელიც ახალ პერსპექტივებს უხსნის ქართველ ხალხს. ამის გარდა, ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე დამცველია და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები