„არცერთ მშობელს აღარ უნდა ეშინოდეს, რომ მისი შვილი განათლების გარეშე დარჩება“

ჩვენს ქვეყანაში არცერთ მშობელს აღარ უნდა ეშინოდეს, რომ მისი შვილი განათლების გარეშე დარჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ექსპო ჯორჯიაში”, სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, თანამედროვე ეპოქაში მხოლოდ განათლებული და თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი ადამიანები აღწევენ წარმატებას. მისი თქმით, სახელმწიფომ ასეთი ადამიანების რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.
„მინდა რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ, რატომ გადავწყვიტეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნა, რას ვისახავდით მიზნად, როდესაც ამ პროექტზე ვმუშაობდით და რა სარგებელს მოუტანს თქვენი მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩვენს ქვეყანას. იცით, რომ საგანმანათლებლო კერები ჩვენში უძველესი დროიდან იყო. საქართველოში იდგა ისეთი დრო, როდესაც თავისი ცოდნა საზღვარგარეთ გაჰქონდა. მაგრამ ისეთი დროც იდგა, როცა ჩვენი წინაპრები უცხოეთში მიდიოდნენ სასწავლებლად, იქ იღებდნენ განათლებას და უკან დაბრუნებულები მთელ ცოდნას და გამოცდილებას სამშობლოს ახმარდნენ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, დღეს ჩვენ სრულიად ახალი რეალობის, ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. საქართველოს სჭირდება კვალიფიციური კადრები, რომლებსაც ექნებათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები.
ჩვენ გვესმის, რამდენად პერსპექტიულია სახელმწიფო, რომელსაც განათლებული და პროგრესული ახალგაზრდობა ჰყავს. თანამედროვე ეპოქაში მხოლოდ განათლებული და თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი ადამიანები აღწევენ წარმატებას. სახელმწიფომ კი ასეთი ადამიანების რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. სწორედ ეს იყო ჩემი ინციატივის მიზანი და ამისათვის შევქმენით განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც განსხვავებული მიდგომით ახორციელებს სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლების დაფინანსებას. პირველ რიგში, შევარჩიეთ ის დარგები, რომელთა განვითარებაც ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს ამ ეტაპზე და განვსაზღვრეთ პრიორიტეტები, რომლის დაფინანსებასაც ვაპირებთ.
იცით, რომ ადრეც არსებობდა მსგავსი პროექტი, რომელიც უცხოეთში სწავლას უფინანსებდა ახალგაზრდებს. მაგრამ ეს სისტემა არ იყოგ ამჭვირვალე. ჩვენ შევიმუშავეთ სრულიად გამჭვირვალე და სამართლიანი შერჩევის წესი, რომელიც გამორიცხავს რაიმე ტიპის პრივილეგიებს“, -განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, განათლების საერთაშორისო ცენტრი ორიენტირებულია სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე და ცენტრისთვის მნიშვნელოვანია ისეთი სტუდენტების დაფინანსება, რომლებსაც სახელმწიფო დახმარების გარეშე უცხოეთის ძვირად ღირებულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა არ ექნებოდათ.
“მთავარი სიახლე, რაც ჩაიდო ცენტრის კონცეფციაში გახლავთ ის, რომ სტუდენტები დაბრუნების შემდეგ სახელმწიფო სამსახურში დასაქმდებიან და თავიანთ ცოდნას ჩვენს ქვეყანას მოახმარენ. გარდა ამისა, განათლების ცენტრი უზრუნველყოფს არა მხოლოდ ჩვენი სტუდენტების საზღვარგარეთ გამგზავრებას, არამედ ადგილზე სხვადასხვა სასწავლო სემინარისა და კურსების მოწყობას, რომელსაც გაუძღვებიან უცხოეთიდან მოწვეული პროფესიონალები. მოხარული ვარ, რომ ასევე მოკლე დროში იწყება ჩემი ინიციატივის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს მაღალი აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებულების 6-თვიან სტაჟირებას და პრაქტიკას საჯარო უწყებებში და იქ სათანადო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შეძენას. ამ პროექტების განხორციელების შედეგად ქვეყანას ეყოლება თვისებრივად ახალი ტიპის სპეციალისტები, რომლებიც თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას სახელმწიფოს მშენებლობას მოახმარენ. მართალია, ეს არ ეხება ამ პროექტს, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ რეგიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებზე ვიზრუნეთ და მათთვის დაგეგმილი გვაქვს სტუდენტური საცხოვრებლის აშენება, რომელიც მრავალი წელი არ არსებობდა.
მეგობრებო, ჩვენს ქვეყანაში არცერთ მშობელს აღარ უნდა ეშინოდეს, რომ მისი შვილი განათლების გარეშე დარჩება. რაც უფრო მეტი განათლებული და წელგამართული ადამიანი იქნება ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად შეძლებს საქართველო წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ჩვენ 5 წელიწადში გვეყოლება საერთაშორისო განათლების მქონე, მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებსაც, სამშობლოში დაბრუნებულებს, 3 წლის განმავლობაში გარანტირებულად ექნებათ სამუშაო ადგილი სახელმწიფო დაწესებულებებში. ამით მოხდება ძველი და ახალი თაობის გამოცდილების სინთეზი, რაც წაადგება ყველას და საბოლოოდ სახელმწიფოს. მინდა გითხრათ, რომ უკვე იწყება აქტიური მოლაპარაკებები უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებთან. ჩვენ ვთანამშრომლობთ შესაბამის საელჩოებთან და ველით სასურველ შედეგებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობას დიდი მომავალი აქვს. მჯერა, ჩვენ ყველა ერთად, აუცილებლად მივაღწევთ დიდ წარმატებებს“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები