მანანა ნაჭყებია: სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, არ მომწონს ის ფარსი, რომლის დადგმაც იგეგმება

თუ მართლაც მოხდა ისე, როგორც სახელისუფლებო გუნდი საუბრობს, რომ მათ არ ეყოლებათ კანდიდატი და აპირებენ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირონ მხარი, მგონი, ეს ცოტა არასერიოზულია, – ამის შესახებ “ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მანანა ნაჭყებიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მანანა ნაჭყებია ვარაუდობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იქნება.
„მრავალჭირნახულმა ქართულმა პოლიტიკამ, როგორც ჩანს, ესეც უნდა ნახოს – მმართველი პარტია, რომელსაც არ ჰყავს, ან რაღაც მიზეზის გამო არ ასახელებს კანდიდატს და მხარს უჭერს „დამოუკიდებელ“ კანდიდატს.
მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი სულაც არ არის დაინტერესებული იმით, რომ საქართველოში დემოკრატიამ მართლა იზეიმოს და ოპოზიციას ჩაუგდოს ხელში ეს თანამდებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ფორმალურად და არც არაფორმალურად, საერთოდ არ დააყენებდნენ კანდიდატს, არც იტყოდნენ, რომ რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს მმართველი პოლიტიკური ძალა. თუ გავითვალისწინებთ ბიძინა ივანიშვილის ცოტა გაღიზიანებულ ტონს საკუთარი გუნდის მიმართ, მე რატომღაც მგონია, რომ მან დასაჯა თავისი „ქართული ოცნება“ ამით და დაანახა, რომ თქვენ არცერთი არ ხართ ღირსი იმისა, რომ კენჭი იყაროთ პრეზიდენტის პოსტზე. რატომღაც მგონია, რომ ეს არის მისი შურისძიება „ქართულ ოცნებაზე“, რომელმაც ვერ გაუმართლა მას.
ვფიქრობ, ეს საპრეზიდენტო არჩვნები ჩაივლის დეპრესიულ ფონზე. ძალიან დაბალი იქნება საზოგადოების მონაწილეობა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ხელს არ შეუშლის მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომ გაიყვანოს კანდიდატი, რომელიც მათ უნდათ, რომელიც იქნება, თითქოს, დამოუკიდებელი და რომელიც იქნება რეალურად „ქართული ოცნების“ კანდიდატი. მე პიროვნულად სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, არ მომწონს ის ფარსი, რომლის დადგმაც იგეგმება საქართველოში, როცა ყველამ იცის, რომ ის არ იქნება დამოუკიდებელი კანდიდატი“- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი პოზიციაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო კანდიდატი გუნდიდან არ დაასახელოს.
„ნამდვილად არ გვაქვს დასრულებული ამ საკითხზე ბჭობა. მართლაც რამდენიმე კანდიდატზეა საუბარი. იქ ზურაბ აბაშიძე, სოზარ სუბარი, სერგეენკო, ჩემზეც ამბობენ, თეა წულუკიანი და ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს ჩვენ, ვინც მართლა შეიძლება პირველსავე ტურში მოახერხოს და გაიმარჯვოს. ჩემი პოზიცია პირველსავე დღიდან, რაც მსჯელობა დაიწყო, იყო განსხვავებული. თავშივე გულწრფელად გეტყვით, რომ არავინ დამიჭირა მხარი. დროში მხრდამჭერების რაოდენობა გაიზარდა. ჩემი პოზიციაა, რომ თუ ჩვენ ჭეშმარიტად და გულწრფელად („ქართული ოცნების“ წევრებს ველაპარაკები, ვინც დღესაც წინააღმდეგია და არ იზიარებს ჩემს პოზიციას) გვსურს, რომ საქართველო დემოკრატიული მიმართულებით განვითარდეს, გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი. რა თქმა უნდა, გუნდს ეს წაადგება და გუნდს ეს მოსწონს, მაგრამ ქვეყნისთვის ჩემი აზრით, მისი სწრაფი განვითარებისთვის, უფრო კარგი იქნება, რომ ჩვენ ან დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი (სამწუხაროდ, პარტიებიდან ვერავის დავუჭერთ), ან თუ ღირსეული დამუკიდებელი კანდიდატი არ იქნება, არც არავის დავუჭიროთ და ოპოზიციამ წაიღოს და გაინაწილოს ეს ინსტიტუტი – თუ დამოუკიდებელს ვერ ვნახავთ”- განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მისი პოზიცია არ ნიშნავს, რომ გუნდი აუცილებლად მას გაიზიარებს.
„ეს არ შეიძლება ჩაითვალოს საბოლოოდ და არ ვკეკლუცობ სრულებითაც. ალბათ, ოპონენტებიც ამას აიტაცებენ, რომ რადგან ივანიშვილის პოზიციაა, სხვა დანარჩენები მონები არიან და მას დაემორჩილებიან. ღმერთმა დამიფაროს ასეთი შეურაცხყოფისგან, საკუთარი გუნდის წევრების. მე მართვის სტილი ასეთი მაქვს, აუცილებლად დისკუსიებში და პოლემიკაში ვიღებ გადაწყვეტილებას. მე ძალიან მიყვარს მსჯელობა. თუ ჩემზე კარგს ვინმე ამბობს, არა თუ ვეთანხმები, ვაქებ მას. მე მაქვს არგუმენტები. ძალიან ბევრი ამ არგუმენტებს იზიარებს, თუმცა ბევრი არ იზიარებს. მე ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში მოვახერხებთ და ჩამოვყალიბდებით. არაა აუცილებელი, რომ ამაზე ჩამოვყალიბდეთ, თუმცა მე იმედი მაქვს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები