პეტრიაშვილი „გლობალური უსაფრთხოების” ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

   ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მინისტრი სპეციალური სტუმრის სტატუსით დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ყოველწლიური „გლობალური უსაფრთხოების” ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. სამინისტროს ცნობით, წლევანდელ ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენლები, მათ შორის ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ელჩი ვიქტორია ნულანდი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენუკი და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი ესწრებიან.
ალექსი პეტრიაშვილი ვიშეგრადის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში და სიტყვით გამოვა სამუშაო სადილზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის რეალობა: არჩევანი ორ გაერთიანებას შორის?” (EaP Reality Check: Between Two Unions?).
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის ინტერვიუები წამყვან საერთაშორისო მედიასაშუალებებთან.
“გლობალური უსაფრთხოების” (GLOBSEC) ფორუმი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკური კონფერენციაა, სადაც საგარეო-პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები განიხილება და მასში ყოველწლიურად ამერიკისა და ევროპის ქვეყნების 800-მდე მაღალი დონის წამომადგენელი (პოლიტიკოსები, ექსპერტები, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, აკადემიური წრეები და მედია) მონაწილეობს. ფორუმს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა 2007 წლიდან მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები