ირაკლი ზარქუა: ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგია ასეთი, რომ ყველაფერი უარყოფითად წარმოაჩინონ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განმარტება გააკეთა დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით და ოპოზიციის კრიტიკა პოლიტიკურ დღის წესრიგად შეაფასა.
„კიდევ ერთხელ იზრდება დედაქალაქის ბიუჯეტი 10 მილიონით. ეს არის კაპიტალური ტრანსფერი, რომელიც მიემართება დედაქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, რაც ძალიან კარგი და მისაღებია. ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგია ასეთი, რომ ყველაფერი უარყოფითად წარმოაჩინონ. ისინი წინასაარჩევნო რეჟიმში არიან გადასულები, მაგრამ მათ საპრეზიდენტო კანდიდატს ეს ვერ უშველის,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
რაც შეეხება ბიუჯეტის გაზრდილ ნაწილს, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ დეტალურად განმარტა, თუ რაში დაიხარჯება ეს თანხა.
„10 მილიონს კიდევ ვამატებთ 2,5 მილიონს და 12,5 მილიონი მიემართება დედაქალაქის მოსახლეობისთვის, პირდაპირ საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. იმ გამოთავისუფლებული თანხებიდან, საიდანაც ჩვენ გვაქვს ეკონომიები იგივე ტენდერებიდან და სხვადასხვა პროექტებიდან, 3 მილიონ ლარამდე მიემართება კეთილმოწყობის სამსახურის მიმართულებით. ასევე ეკოლოგიური მიმართულებითაც, ბოტანიკური ბაღს 100 ათას ლარამდე ეზრდებათ ბიუჯეტი“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
საკრებულოს წევრმა ცალკე გამოყო პიარის მიმართულებით ბიუჯეტის გაზრდა და ამის მიზეზად ის მნიშვნელოვანი რეფორმები დაასახელა, რომელსაც დედაქალაქის ხელისუფლება ატარებს.
„დიახ პიარის მიმართულებით იზრდება ბიუჯეტი, რადგან ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ვატარებთ რეფორმებს, რაც დედაქალაქს სჭირდება. ამ ცვლილებებს ვიცით, რომ ვნებათაღელვა მოჰყვება, მათ შორის არის სატაქსო რეგულაციები, საპარკინგე სისტემის მოწყობა, შერეულ და ზონალურ პრინციპზე გადასვლა. ჩვენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვავითარებთ და ამ მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს. ეს ყველაფერი რომ მივიტანოთ საზოგადოებამდე, ხარჯებია გასაწევი,“- განაცხადა საკრებულოს წევრმა.
ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც წინა ხელისუფლება კულუარებში იღებდა გადაწყვეტილებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები