სოზარ სუბარი სოფელ ხაიშში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში გამგეობის შენობაში ადგილობრივებს ხვდება.
„მოვედი, რათა მოვუსმინო ადგილობრივებს და ისე მოგვარდეს პრობლემა, არც ადგილობრივები დაზარალდნენ და არც კანონი დაირღვეს”, – განაცხადა სუბარმა.
ხაიშის ცენტრში, გამგეობის შენობასთან ადგილობრივები ისევ არიან შეკრებილები, სპეცრაზმი კი ამ დროისათვის სოფლის ცენტრიდან გაყვანილია.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით ხაიშის მონაკვეთი ისევ ბლოკირებულია.
მესტიის სოფლების ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობა დღეს დილიდან აქციას მართავს. ისინი ხე-ტყის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურის ღონისძიებებს აპროტესტებდნენ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კი განმარტეს, რომ უწყების თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ატარებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა – მხილების მიზნით.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ივლისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ხის მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს და დააკავეს 15 პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები