ლევან იზორია: თუ „ქართულ ოცნებას“ არ ეყოლება საპრეზიდენტო კანდიდატი, ეს უნდა დავინახოთ როგორც ინსტიტუტების გაძლიერების ნიშანი
„პოზიცია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდეს საპრეზიდენტო კანდიდატი, გამოითქვა მხოლოდ ინსტიტუტების გაძლიერებიდან გამომდინარე და არა იმის გამო, თითქოს გუნდს საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ამ საჭიროებიდან ითქვა ის, რომ შესაძლოა, გუნდის მიღმა იყოს პიროვნება, რომელიც, სწორედ ამ ინსტიტუტის მიუკერძოებლობის ხარისხიდან გამომდინარე, უზრუნველყოფდა ამ პრინციპებს. ასე რომ, ესეც უნდა დავინახოთ, როგორც სიძლიერის ნიშანი და არა სისუსტის ნიშანი.
სიძლიერე, რომელიც სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტისგან, როგორიც არის პრეზიდენტის ინსტიტუტი, სადაც მისი აპოლიტიკურობიდან გამომდინარე შესაძლოა, უპირატესობა მიენიჭოს, მათ შორის ისეთ კანდიდატს, რომელიც არ არის გუნდის წევრი. გუნდის ინტერესია დემოკრატიის და ინსტიტუტების გაძლიერება“,- განაცხადა ლევან იზორიამ.