შალვა ოგბაიძე თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე: გეგმა სწორია, რესურსი არის, ჯერი შესრულებაზეა

გეგმა სწორია, რესურსი არის, მედიის ყურადღების, ჩვენი თანამოქალაქეების მონიტორინგის ქვეშაა ეს ყველაფერი და ჯერი შესრულებაზეა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრმა შალვა ოგბაიძემ, მერიის მიერ წარმოდგენილ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ოგბაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წარმოდგენილია მეტად ამბიციური გეგმა. მისი თქმით, ისეთი რთული სისტემის დაგეგმვას, როგორიც სატრასპორტო სისტემაა, წინმსწრები კვლევა სჭირდება. მისივე განმარტებით, საუბარია მარშრუტების კვლევაზე.
„ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისა და თბილისის მერიის თანამონაწილეობით მოკოწიწებულმა 790 ათასმა ევრომ, დააფინანსა კონკურსში გამარჯვებული ფირმა „სისტრა“, რომლის ნომერ პირველი ამოცანა გახლავთ დადგენა: როგორი მარშრტურით ვმგზვრობთ, ტრანსპორტის რა სახეობით ვმგზავრობთ, რამდენ კილომეტრს ვმგზავრობთ, ვიცვლით, თუ არა ტრანსპორტს, კერძო ტრანსპორტით ვმგზავრობთ, თუ მუნიციპალურით და ა.შ. ეს კვლევა საფუძველს დაუდებს გადაადგილების ერთგვარ მონაცემთა ბაზას, რომელიც განსაზღვრავს მთავარ დერეფნებს. ამ მთავარი დერეფნების გარშემო იქნება პატარ-პატარა მარშრუტები, რომელსაც აუცილებლად შეავსებს მიკროავტობუსები. მიკროავტობუსებს თავიანთი სასიცოცხლო არეალი აუცილებლად დარჩება, უბრალოდ მიკროავტობუსებს, ავტობუსებს, მეტროს გრძელ დერეფნებზე ერთმანეთის ზედდება არ უნდა ჰქონდეს“- განაცხადა ოგბაიძემ.
მისივე თქმით, დღეისათვის დედაქალქში 500-მდე ავტობუსია, აქედან ახალია მხოლოდ 143. როგორც ოგბაიძემ აღნიშნა, გვეყოლება 900 ახალი ავტობუსი და ამას დაემატება ინფრასტრუქტურული რეფორმებიც.
„ავტობუსების პარკი შეივსება 900 ავტობუსამდე 2019-2021 წლების განმავლობაში. ტენდერი შედგა ახალი ავტობუსების შეძენაზე, უბრალოდ მათ მიეცათ კანონით განსაზღვრული 3 დღე გარკვეული საკითხების დასაზუსტებლად. 3 დღეში, ალბათ, მერია გამოაცხადებს გამარჯვებულ კომპანიას და იმ რაოდენობას, რომელსაც შევიძენთ უახლოეს პერიოდში.
რაც შეეხება მეტროს – 14 შემადგენლობა ემატება, შემადგენლობაში არის 4 ვაგონი ვარკეთილის ხაზზე და 3 ვაგონი საბურთალოს ხაზზე. რაც ყველაზე მთავარია – ჩვენი მოქალაქეების ცდის და ლოდინის დრო, რაც ხშირ შემთხვევაში 4 წუთამდე არის, 2,5 წუთამდე შემცირდება.
ცალკე მიმართულება იქნება ბაგირ გზების რეაბილიტაცია, საცობებთან ბრძოლა“- განაცხადა ოგბაიძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია 2 დღის წინ გამართა.
„ტრანსპორტი არსებობს იმისთვის, რომ მოგვემსახუროს და არა იმისთვის, რომ გადაადგილებისა და ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნას. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მდგომარეობაა ეკოლოგიური თვალსაზრისით და ტრანსპორტს ამ მიმართულებით, განსაკუთრებული როლი აქვს“
– განაცხადა კალაძემ.
სატრანსპორტო ნაკადების მართვა ჭკვიანი შუქნიშნების საშუალებით განხორციელდება. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნაკადების მართვის ჭკვიანი სისტემა მონაცემების შეგროვებას და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ნაკადების მართვასთან დაკავშირებული სწორი გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობს ხელს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან, რამდენიმე ცენტრალურ უბანში პარკირების საათობრივი და ზონალური მართვის სისტემის ამოქმედება იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტშია აღნიშნული. ამავე დოკუმენტის თანახმად, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი, ძალაში შევა რეგულაცია მარჯვენა საჭიანი, ორკარიანი და განსხვავებული ფერის მანქანების შეზღუდვაზე.
მერიის ცნობით, პარკირების რეგულირების მიზანია სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმალური მართვა.
გარდა ამისა, სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამავე მიზნით იგეგმება ნაკადების მართვის „ჭკვიანი“ სისტემის ამოქმედება, რაც გულისხმობს „ჭკვიანი“ შუქნიშნების მეშვეობით მონაცემების შეგროვებას, სატრანსპორტო ნაკადების უკეთეს გადანაწილებას და მოძრაობის ორგანიზების ოპტიმიზაციას.
თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, 2018-2019 წლებში იგეგმება 511 ამორტიზებული ავტობუსის სრულად ჩანაცვლება, ხოლო 2020 წლისთვის ახალი ავტობუსების რაოდენობა 900 ერთეულამდე გაიზრდება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები