“პრემიერის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში, გახლავთ კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია”

პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში, რა თქმა უნდა, დამთხვევა არ არის, ეს გახლავთ კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში 18-20 ივლისს შემდგარ ვიზიტს, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული უწოდა.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს ყველა მეგობარს ბრიუსელში მადლობა გადაუხადა იმ ძალიან პრინციპული მხარდაჭერისთვის, რომელიც ქვეყანამ კიდევ ერთხელ მოიპოვა.
„ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე საზოგადოებას ჰქონდა საშუალება, მოესმინა ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული გზავნილები, რომლებიც მივიღეთ ნატოსგან. ამასთან ერთად, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან და ევროკომისრებთან, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს რეგიონში არსებობს. ამასთან ერთად, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ DCFTA-ის ფარგლებში აღებულ ყველა ვალდებულებას და მათ იმპლემენტაციას ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, თუმცა ჩვენ ვაპირებთ, ეს პერიოდი კიდევ უფრო შევამციროთ და ვადაზე ადრე შევასრულოთ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელმოწერისას აღებული ვალდებულებები. ევროპელ პარტნიორებთან ასევე ვისაუბრეთ ახლადშექმნილი უმაღლესი დონის ფორმატის მნიშვნელობაზე. როგორც მოგეხსენებათ, ნოემბერში ვგეგმავთ პირველ შეხვედრას ამ ფორმატის ფარგლებში, რომელიც კონკრეტულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული და ხელს შეუწყობს ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები