კახა კოჟორიძე: შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ მზად არის, შექმნას სისტემა, რომელიც იქნება ყველაზე უფრო ანგარიშვალდებული მსოფლიოში
ვუსურვებ წარმატებას ახალ მთავარ პროკურორს, რომელმაც დღეს ძალიან ღიად დააფიქსირა მზაობა, რომ საქართველოში შეიქმნას პროკურატურა, რომელსაც აუმაღლდება ნდობა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შალვა თადუმაძემ ისიც განაცხადა, რომ მზად არის, შექმნას უფრო ანგარიშვალდებული სისტემა.
„ცხადია, ვუსურვებ წარმატებას ახალ მთავარ პროკურორს, რომელმაც დღეს ძალიან ღიად დააფიქსირა მზაობა, რომ საქართველოში შეიქმნას პროკურატურა, რომელსაც აუმაღლდება ნდობა და იქნება იმ გამოწვევების საპასუხოდ მომუშავე, რაც არსებობს საქართველოში. ისიც განაცხადა, რომ მზად არის, შექმნას სისტემა, რომელიც იქნება ყველაზე უფრო ანგარიშვალდებული მსოფლიოში, ეს მისი სიტყვებია. ამ პროცესში ვუსურვებ წარმატებას, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ დამოუკიდებელ, ანგარიშვალდებულ მთავარ პროკურატურას მთავარი გამოწვევა აქვს პოლიტიკური ნების არარსებობის სახით და ამ პროცესში, ცხადია, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადამიანებს, ვინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ღებულობს მათ შორის როგორი უნდა იყოს საბჭო, როგორი ანგარიშვალდებულება უნდა განესაზღვროს კანონით, ეს არის პოლიტიკოსებისა და პარლამენტის გადასაწყვეტი საკითხები”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.