არჩილ კაიკაციშვილი: თორნიკე რიჟვაძის წარმატებას სწორი საკადრო პოლიტიკა განაპირობებს
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძის არჩევას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აჭარის ახალ თავმჯდომარეს წარმატებული მოღვაწეობისთვის, ყველა წინაპირობა აქვს.
„აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძის არჩევა რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე მეტყველებს – პოლიტიკაში და მმართველობის სფეროში მხარდაჭრას იმსახურებს განათლებული, მიზანდასახული და მოტივირებული ახალგაზრდები. მისასალმებელია თორნიკე რიჟვაძის ხედვა, რომელიც უკავშირდება რეგიონის განვითარებას, ტურიზმის პოპულარიზაციას, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და აჭარის პოტენციალის მოსახლეობის საკეთილდღეოდ მიმართვის შესაძლებლობებს. ამასთან, ძალიან კარგი აქცენტები გაკეთდა საჯარო მმართველობის პროცესში საზოგადოების თანამონაწილეობისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობაზე. თორნიკე რიჟვაძეს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, იყოს რეგიონის წარმატებული ხელმძღვანელი. აჭარის მთავრობის ახალი მეთაური კარგად გრძნობს რეგიონის თავისებურებებს, რაც ტოვებს პოლიტიკური, სოციალური და მმართველობითი სფეროდან მომდინარე გამოწვევების და რისკების სწორად შეფასების შესაძლებლობას და საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებას, რეგიონის და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების სასარგებლოდ“, – აღნიშნავს არჩილ კაიკაციშვილი.
მისივე შეფასებით, თორნიკე რიჟვაძეს მთავრობის ახალი შემადგენლობის სახით, სწორი გადაწყვეტილებებისთვის, კარგად შერჩეული გუნდი ჰყავს. კაიკაციშვილის თქმით, თორნიკე რიჟვაძის წარმატების განმაპირობებელი სწორი საკადრო პოლიტიკა იქნება, რომელიც უნდა გულისხმობდეს მხოლოდ პროფესიონალების ირგვლივ შემოკრებას.
„მაქვს მოლოდინი, რომ სამოქალაქო სექტორთან მუშაობის პროცესში, ჩვენ აჭარის მთავრობასთან გვექნება საინტერესო თანამშრომლობა, საქმიანი წინადადებები და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა“, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.