ირაკლი კობახიძე: პარტიიდან გარიცხვის ფორმა პარტიის წესდებითაა დადგენილი
„პარტიიდან გარიცხვის ფორმა დადგენილია პარტიის წესდებით და ეს რეგულაციები წესდებაში 2012 წლიდან მოქმედებს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დავით ჭიჭინაძის პარტია „ქართული ოცნებიდან” გარიცხვის საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის სამდივნომ სწორედ ამ წესდებით იხელმძღვანელა.
„პარტიიდან გარიცხვის ფორმა დადგენილია პარტიის წესდებით. ეს რეგულაციები წესდებაში მოქმედებს 2012 წლიდან. ამ წესდებით იხელმძღვანელა, ბუნებრივია, სამდივნომ და ამის საფუძველზე მიიღო თავისი გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამის კრიტიკას, ბუნებრივია, არავითარი საფუძველი არ აქვს. სამდივნომ იმოქმედა პარტიის წესდების შესაბამისად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს. გადაწყვეტილებას ხელი „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრმა, კახა კალაძემ, ირაკლი კობახიძემ, გიორგი ვოლსკიმ, თამარ ჩუგოშვილმა და დიმიტრი სამხარაძემ მოაწერეს.
ცნობისთვის, პარტია „გირჩმა“ დავით ჭიჭინაძეს მათთან გაწევრიანება შესთავაზა, თუმცა, დეპუტატმა წინადადებაზე უარი თქვა.