ნიკა ჩიტაძე: პუტინის განცხადება ფსიქოლოგიური ზეწოლა და დასავლეთის წინაშე ძალის დემონსტრირებაა
პუტინის განცხადება, გარკვეულწილად, ფსიქოლოგიური ზეწოლაა, დასავლეთის წინაშე ძალის დემონსტრირებაა, – ასე აფასებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ნიკა ჩიტაძე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება.
როგორც ნიკა ჩიტაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი დასავლეთის რეაქციას ამოწმებს.
„არსებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა განიხილეს სირიის პრობლემა, ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი, ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამის საკითხები, უკრაინა. ტრამპი აღნიშნავდა, ალბათ, იმის შესახებ, რომ აშშ დაინტერესებულია საქართველო და უკრაინა გახდნენ ნატო-ს წევრები. წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინის განცხადებას არ ექნებოდა ადგილი.
პუტინს აღიზიანებს ის, რომ საქართველოსა და ნატოს შორის დაახლოების პროცესი მიმდინარეობს, ღრმავდება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. პუტინის განცხადება გარკვეულწილად ფსიქოლოგიური ზეწოლაა, დასავლეთის წინაშე ძალის დემონსტრირებაა, რომ რუსეთი წინ აღუდგება საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს. შეიძლება ითქვას, რუსეთი ამოწმებს დასავლეთის რეაქციას.
ახალი პროვოკაციის გაჩენის საფრთხე არსებობს, რომელიც თრუსოს ხეობას უკავშირდება. ვიცით, თითქოს, ოსური მხარე აცხადებს, რომ თრუსოს ხეობა ისტორიული ოსეთის მხარეა.
რა გზები არსებობს, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხე აღმოიფხვრას – თუ დასაველთი იქნება ერთიანი რუსეთთან მიმართებაში, თუ სანქციები რეალურად იმუშავებს, მართლა ისე არ იქნება, რომ ერთი ქვეყანა გმობს რუსეთის აგრესიას და მეორე რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში კონტრაქტს აფორმებს. პუტინისგან ყოველთვის უნდა ველოდოთ მსგავსი ხასიათის განცხადებებს , ისინი სარგებლობენ იმით, რომ ჯერჯერობით დასავლეთი არ არის ერთიანი“- განაცხადა ჩიტაძემ.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება.
„ ეს არის პირდაპირი და მყისიერი საფრთხე ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, ნატო-ს ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება იქნება საფრთხე და რეაქციაც უკიდურესად ნეგატიური იქნება.
„მე შესანიშნავად ვიცი, როგორ მუშაობს ნატო-ში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები. რა თქმა უნდა, იქ ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება, თუმცა ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში მიღებამდე, ნატო-ს ცალკე წევრებთან ხომ შეიძლება მუშაობა ორმხრივ საფუძველზე. ეს გაკეთდა პოლონეთთან, რუმინეთთან, სადაც ახლა მიმდინარეობს აშშ-ის სტრატეგიული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტების განთავსება“, – აღნიშნა მან.
თამუნა შეყილაძე