სოსო შატბერაშვილი: გრიგოლ ვაშაძე ყველაზე სამარცხვნიო კანდიდატია, ის ასოცირებულია ბანდიტურ ორგანიზაციასთან

ამ ეტაპზე დასახელებული კანდიდატებიდან არცერთს აქვს მცირედი შანსიც კი, რომ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, – ამის შესახებ პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შატბერაშვილის თქმით, დასახელებული კანდიდატებიდან ყველაზე სამარცხვინო გრიგოლ ვაშაძეა. როგორც შატბერაშვილმა განაცხადა, გრიგოლ ვაშაძეს ნულოვანი შანსი აქვს იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდეს.
„გრიგოლ ვაშაძე ასოცირებულია ბანდიტურ, ტერორისტულ ორგანიზაციასთან – „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თქვენ თქვით 10 პარტიის კანდიდატიაო, 10 პარტიის კი არა, 10 ადამიანის კანდიდატია. აქედან ერთადერთია პარტია „ნაცინალური მოძრაობა“.
რატომ ვამბობ, რომ ის არის ყველაზე სამარცხვნიო – ის გახლდათ კულტურის მინისტრი და თავი შეირცხვინა , ამ დროს წაართვეს ქართველ მწერლებს მწერალთა სასახლე; ამ დროს წაართვეს კომპოზიტორებს კომპოზიტორთა სახლი ბორჯომში, აქაც გრიგოლ ვაშაძის სახელი ფიგურირებდა. მისმა მეუღლემ რუსმა ბალერინამ , ქართულ გვარს ატარებს, მაგრამ რუსული კულტურის წარმომადგენელია, ნინო ანანიაშვილმა გადაწყვიტა მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის წაერთმია სასახლე, ყველას ახსოვს ეს პერიოდი. ჩვენ ვიცავდით მოსწვალე- ახალგაზრდობის სასახლეს და მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი ბრძოლა წარმატებით დასრულდა.
შატბერაშვილის თქმით, „ევროპული საქართველოს“ მიერ დასახელებული კანდიდატი დავით ბაქრაძე ვაშაძესთან შედარებით უკეთესი კანდიდატია. როგორც შატბერაშვილმა განაცხადა, ბაქრაძეს არანაირი შანსი არ აქვს, გახდეს საქართველოს პრეზიდენტი.
„ის გახლდათ ასევე „ნაციონალი“, მაგრამ ყველაზე ნაკლები ცოდვა მიუძღვის „ნაციონალურ მოძრაობაში“. იქ ყველა რაღაცას აშავებდა, არ არსებობდა თანამდებობის პირი, რომელზეც არ შეიძლებოდეს, რომ უზარმაზარი კომპრომატები დადო, გარდა დავით ბაქრაძისა. ყველაზე ნაკლები ცოდვა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიუძღვის დავით ბაქრაძეს , თუ არ ჩავთვლით მის გულუბრყვილო თუ პროვოკაციულ განცხადებას ომის დროს, როდესაც განაცხადა, რუსული ტანკები თუ შემოვლენ თბილისში, აიღეთ დანები, ჩანგლები და ისე შეებრძოლეთ რუსულ ტანკებსო. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ასეთ რაღაცას აცხადებს და მას პრეტენზია აქვს, გახდეს ქართული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, უბრალოდ სასაცილოა“- განაცხადა შატბერაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ერთობამ – “სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია” პრეზიდენტობის კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. ათი ოპოზიციური პარტიის ახალი გაერთიანების “ძალა ერთობაშია” შემადგენლობაში არიან: „ახალი საქართველოსთვის“ – ნიკოლოზ ვაშაკიძე; „ემსახურე საქართველოს“ – მურმან დუმბაძე; „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ – ბაჩუკი ქარდავა; “სახელმწიფო ხალხისთვის” – ნიკა მაჭუტაძე; “ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ – შოთა მალაშხია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ნიკანორ მელია; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ – ზურაბ ხარატიშვილი; “ახალი საქართველო” – გიორგი ვაშაძე; “საქართველო ლიდერთა შორის” – მამუკა გამყრელიძე; “საქართველოს ევროპელი დემოკრატები”, – პაატა დავითაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები