ირაკლი კობახიძე: ჩვენი პასუხისმგებლობა იყო სასამართლო სისტემაში ვითარების გაუმჯობესება და ეს ამოცანა დღეს შესრულებულია

„ჩვენთვის მთავარია არა სახელები და გვარები, არამედ ის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული, არავის არ შეეფარდოს სასჯელი უსამართლოდ, სწორად გადაწყდეს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები და ამ კუთხით, ჩვენ სტატისტიკაში გვაქვს რადიკალური გაუმჯობესება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იუსტიციის მინისტრის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ, სასამართლო სისტემაში დღეს რადიკალურად განსხვავებული ტენდენციაა.

“ჩვენთვის მთავარია, სისტემა მუშაობდეს გამართულად, ფუნქციონირებდეს გამართულად, არ იყოს კითხვის ნიშნები კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით და ტენდენცია იყოს პოზიტიური. ამას ჩვენ ვაკვირდებით გასული ექვსი წლის განმავლობაში. თქვენ გახსოვთ, რა ვითარება იყო სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე. ხელისუფლების ეს შტო იყო მთლიანად დაქვემდებარებული აღმასრულებელ ხელისუფლებას, იუსტიციის სამინიტროს, კონკრეტულად, იუსტიციის მინისტრს. ერთი კაცი მართავდა მთლიანად სისტემას. ამის შემდეგ, ჩვენ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ტენდენცია. დღეს სასამართლო არის არსებითად დამოუკიდებელი, მუშაობს ეფექტიანად, რაც არის ასახული შესაბამის სტატისტიკაში. ეს არის ჩვენთვის მთავარი. ჩვენთვის მთავარია არა სახელები და გვარები, არამედ ის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული, არავის არ შეეფარდოს სასჯელი უსამართლოდ, სწორად გადაწყდეს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები და ამ კუთხით ჩვენ სტატისტიკაში გვაქვს რადიკალური გაუმჯობესება. აქ არ არის საუბარი მცირე პროგრესზე, აქ არის საუბარი ფუნდამენტურ და რადიკალურ პროგრესზე, რაც არის დადასტურებული სტატისტიკური მონაცემებით. და, გარდა სტატისტიკისა, ადამიანებსაც აქვთ შეხება სასამართლო სისტემასთან და ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ სასამართლოში პროგრესი არის ნამდვილად ფუნდამენტური”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, „როდესაც საუბარია კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, იქ შესაძლოა, კონკრეტულ ადამიანებს ჰქონდეთ გარკვეული მოსაზრებები.”

ირაკლი კობახიძის თქმით, 2012 წლამდე, სასამართლო სისტემა მთლიანად დისკრედიტირებული იყო და როდესაც სისტემა არასწორად მუშაობს, ეს პირდაპირ აისახება ზოგადად, კორპუსის და კონკრეტული მოსამართლეების რეპუტაციაზეც.

„ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც 2012 წელს გადმოვიბარეთ, თუმცა, მაშინ იდგა კონკრეტული დილემა: ან უნდა მომხდარიყო სისტემაში საკადრო წმენდა და გვახსოვს ეს ყველაფერი 2004 წლიდან, ან არსებული კორპუსის პირობებში,  უნდა გაგვეჯანსაღებინა სისტემა. ჩვენ წავედით მეორე გზით, რაც იყო ერთგვარი კომპრომისული გადაწყვეტილება, თუმცა, ამ კომპრომისს არ ჰქონდა არავითარი ალტერნატივა. ზუსტად ამ სწორი, რაციონალური, პრაგმატული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოვახერხეთ სასამართლო სისტემაში ფუნდამენტური წინსვლის მიღწევა. ეს ყველაფერი არის დადასტურებული იმ მონაცემებით, რომელიც არის წარმოდგენილი სასამართლო სისტემაში. რადიკალურად არის გაზრდილი, მაგალითად, იმ საქმეთა რაოდენობა, რომლებსაც იგებენ ადმინისტრაციული კუთხით, მოქალაქეები სახელმწიფოს წინააღმდეგ, არის არერთგზის გაზრდილი გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საბჭოს პასუხისმგებლობაა სასამართლო სისტემაში პროცესების მართვა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა იყო სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების არსებითად გაუმჯობესება და ეს ამოცანა შესრულებულია.

„არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ვიცით, რომ ვიღაცეებს არ მოსწონთ ეს საბჭო და მისი შემადგენლობა, თუმცა, არის საბჭო, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა, რომ წარმართოს პროცესები სასამართლო სისტემაში, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა, რომ მართოს პროცესები სასამართლო სისტემაში და ეს პროცესები იმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი პასუხისმგებლობა იყო ვითარების არსებითად გაუმჯობესება სასამართლო სისტემაში და ეს ამოცანა არის დღეს შესრულებული. რა თქმა უნდა, რჩება პრობლემები და რჩება გამოწვევები. ეს გამოწვევები რჩება უამრავ ქვეყანაში და ჩვენი მემკვიდრეობის გათვალიწინებით, ბუნებრივია, გამოწვევები გვაქვს მეტი, თუმცა, პროგრესი არის ფუნდამენტური, მივდივართ სწორი მიმართულებით და ამ მიმართულებით გაგრძელდება მსვლელობა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები