სოფო კილაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ყოლბაიას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კრიტიკულ მდგომარეობაზე. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, აღნიშნულ რეგიონებში გრძელდება ეთნიკური ნიშნით ქართველების დევნა და დისკრიმინაცია, ქართველ ბავშვებს ერთმევათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება.
„მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურებმა აქტიურად და კოორდინირებულად ვითანამშრომლოთ საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენი იურისდიქციის სრულად აღდგენამდე დავიცვათ იქ მცხოვრები ადამიანები. ბუნებრივია, აფხაზეთის მთავრობას ამ პროცესში გამორჩეული როლი და მისია აკისრია“, – განაცხადა სოფო კილაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.