სოფიო ქაცარავა: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა – ასოცირების შეთანხმების ეფექტური და წარმატებული იმპლემენტაციაა
„ანდერს მამიკისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, განსაკუთრებით კი ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით“,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტი პირველად ამზადებს ანგარიშს, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას. დეპუტატის თქმით, იმპლემენტაციას ანდრეს მამიკისი წარადგენს.
„დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ევროპარლამენტის მომხსენებელთან, ანდერს მამიკისთან, სადაც დეტალურად განვიხილეთ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიერ გატარებული არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა. მამიკისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, განსაკუთრებით კი ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით. სწორედ ასეთი ინტერესის გამოხატულებაა ის, რომ ევროპარლამენტი პირველად ამზადებს ანგარიშს, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას, რომელსაც მამიკისი წარადგენს.
ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, სტაბილურობის ხელშეწყობა და სწრაფი განვითარება, რაც ახდენს მნიშვნელოვან კონტრიბუციას როგორც რეგიონში, ასევე მთელს ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა – ასოცირების შეთანხმების ეფექტური და წარმატებული იმპლემენტაციაა, რაც ევროკავშირთან პოლიტიკური და ინსტიტუციური დაახლოების საუკეთესო საშუალებაა. ამისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან თანამშრომლობას ყველა არსებული მიმართულებით, რაც მოიცავს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარებით, ევროკავშირთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას, სავაჭრო-ეკონომიკურ ინტეგრაციას და ყველა სხვა მიმართულებას, რაც განსაზღვრულია ასოცირების შეთანხების დღის წესრიგით“,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.