ნატალი საბანაძე: პრემიერი საგარეო ტურნეს ბრიუსელით იწყებს

„დღეს ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი იწყება, ის უმაღლესი დონის წარმომადგენლებს ხვდება“, – ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ მთავრობის მეთაურის პირველი სამუშაო ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ბახტაძე პირველ შეხვედრას დონალდ ტუსკთან გამართავს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს პირველი შეხვედრა ექნება პრეზიდენტ ტუსკთან და თავისთავად, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია იმით, რომ მამუკა ბახტაძე მთავრობის დამტკიცების შემდეგ ასე ვთქვათ თავის საგარეო ტურნეს ბრიუსელით იწყებს. ეს კარგად არის აღქმული ბრიუსელში“, – აღნიშნა ნატალი საბანაძემ.

მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბელგიის სამეფოს დღეს ეწვევა.
„ევროკავშირში ჩვენი პარტნიორების მოლოდინია, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი გააგრძელებს იმ კურსს, რომელიც საქართველოს უკვე დიდი ხანია აქვს აღებული ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. მას ასევე ექნება შეხვედრები იმ პრიორიტეტულ კომისრებთან, რომლებიც მნიშნელოვანია ჩვენთვის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მხრივ, განსაკუთრებით აღვნიშნავ ვაჭრობის კომისარ სესილია მალმსტრომს, რადგანაც საქართველოს აქვს ევროკავშირთან ვაჭრობის ხელშეკრულება და ზოგადად, ასევე მოლოდინი არის იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი გაუსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულება, მისი ზედმიწევნით შესრულება და შემდგომი ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით”, – განაცხადა ნატალი საბანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები