მამუკა ბახტაძე იტალიელ ბიზნესმენებს მოუწოდებს, კიდევ უფრო აქტიურად განიხილონ ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა საქართველოში

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და იტალიას შორის, ისტორიაში პირველად, იტალიის მხრიდან შედგა ასეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერმა იტალიის პრეზიდენტს საქართველოში ისტორიული ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

„გასულ წელს ჩვენ საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის იუბილე ვიზეიმეთ. ეს ურთიერთობები დაფუძნებულია ერთგულ მეგობრობასა და ძლიერ პარტნიორობაზე, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში კიდევ  უფრო მტკიცდებოდა. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და იტალიას შორის, ისტორიაში პირველად, იტალიის მხრიდან შედგა ასეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში. მსურს, ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამ ისტორიული ვიზიტისთვის. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მიმართ იტალიის მკაფიო მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, თქვენი სტუმრობა ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და იტალიას შორის პოლიტიკური ურთიერთობები  სულ უფრო ინტენსიური ხდება.

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები სულ უფრო ინტენსიური ხდება. ამაზე მეტყველებს მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა და სხვადასხვა სფეროში მიღწეული შედეგები. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე იტალია მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია. ეს არ ეხება მხოლოდ ბოლო წლების ურთიერთობას. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან იტალია იდგა ჩვენს გვერდით, რისთვისაც მსურს, იტალიელ ხალხს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო.

რაც შეეხება  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ აქ კარგი შედეგები გვაქვს, განსაკუთრებით თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. 2017 წლის სტატისტიკური მონაცემებით, უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის იტალიას მე-10 ადგილი უკავია“,-  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველო-იტალიას შორის სავაჭრო ბრუნვაზეც ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 109 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ჩვენ იტალიასთან საუკეთესო სავაჭრო ბრუნვა გვექნება. ეს  მიუთითებს იმაზე, რომ ნაბიჯები, რმლებიც ჩვენ გადავდგით ბოლო პერიოდის განმავლობაში, საკმაოდ შედეგიანია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოდან იტალიაში ექსპორტზე გადის  სხვადასხვა სახის პროდუქცია. ეს გახლავთ თხილი, ტექსტილის ნაწარმი, მინერალური სასუქები, ღვინო, ფეროშენადნობები და ბევრი სხვა“,- ამბოობს ბახტაძე.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე  მნიშვნელოვან გავლენას ახდენს DCFTA, რომელმაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე აიყვანა.

„მთავრობა აქტიურად ახორციელებს რეფორმებს, რომელიც DCFTA-ით არის გათვალისწინებული. ჩვენ მივიღეთ ამ პროცესის დაჩქარების გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში შევასრულოთ შეთანხმბებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ჯანსაღი ბიზნესგარემოსა და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შედეგია ის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში იტალიელი ბიზნესმენები ინარჩუნებენ ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების განხორციელების ინტერესს.  მხოლოდ წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოსა და იტალიას შორის უკვე მესამე ბიზნესფორუმი იმართება, რაც კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო პოტენციალი საკმაოდ მაღალია. დღეს მე მქონდა საშუალება, ბატონი პრეზიდენტისა და დელეგაციის წევრებისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის გამეცნო ის ხედვა, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოს ადგილსა და როლთან დაკავშირებით. საქართველო ემსახურება 8 ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და ჩვენ მათთვის კარიბჭე ვართ. ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლი კიდევ უფრო გავზარდოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები და წინაპირობები იმისთვის, რომ საქართველო ჰაბად იქცეს ამ რეგიონისთვის და განსაკუთრებით ამ 8 ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ იტალიური საწარმოებისთვის საქართველოში ბიზნესის კეთება არ ნიშნავს მხოლოდ წვდომას 4-მილიონიან ბაზარზე. ეს ნიშნავს გაცილებით მეტს, ეს ნიშნავს იმას, რომ იტალიურ ბიზნესს საშუალება ექნება, თავისი ბიზნესაქტივობა განავითაროს რეგიონის სხვა ქვეყნებთან, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იტალიიდან ძალიან მნიშვნელოვან სფეროებში. საქართველოში ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით ძალიან მსხვილი კომპანიები მონაწილეობენ, განსაკუთრებით მინდა გამოვყო „აგრიჯორჯია”, რომელიც ძალიან მნიშვ ნელოვან საქმიანობას ახორციელებს, FERERO, რომელიც ამ სექტორის გლობალური ლიდერია. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ უფრო და უფრო მეტ იტალიურ კომპანიას ვხედავთ ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ჩვენი ამოცანაა 2021 წლის ჩათვლით დავასრულოთ ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მოიცავს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს, ასევე – ჩრდილ-სამხრეთის დერეფანს. მოხარული ვართ, რომ იტალიური კომპანიები მონაწილეობენ არა მხოლოდ სამშენებლო საქმიანობაში, არამედ ძალიან მნიშვნელოვან პროექტირების სამუშაოებშიც, ვინაიდან საქართველო მთაგორიანი ადგილია და საკმაოდ კომპლექსურ საინჟინრო გადაწყვეტილებებს მოითხოვს ის პროექტები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. იტალიური კომპანიებს ამ კუთხით აქვთ ძალიან კარგი გამოცდილება და ვენ მოხარული ვართ, რომ ვგრძნობთ მათ გაზრდილ აქტივობას“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ,

მისივე თქმით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზით, უახლოს წლებში საქართველო იქნება  ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.

„შარშან ჩვენი ეკონომიკური ზრდა იყო 5%, წელს ველოდებით ამ ციფრის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ახორციელებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას. ჩვენი ამოცანაა, ჩვენი ეკონომიკის ინტეგრირება მოხდეს უფრო ეფექტურად გლობალური ეკონომიკაში, აქედან გამომდინარე, საქართველო იცავს და ყოველთვის დაიცავს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს. მსურს, ასევე შევეხო ჩვენი საკრედიტო რეიტინგების დინამიკას. კომპანია Moody’s-მა შარშან შემოდგომაზე გაგვიუმჯობესა რეიტინგი და ამასთან ერთად, დარჩენილი ორი საკრედიტო სააგენტო ძალიან პოზიტიურად აფასებს ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს. პარლამენტში წარდგენილი ჩვენი პროგრამის მიხედვით, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ამოცანა იქნება, რომ საქართველომ მოიპოვოს საკრედიტო რეიტინგი, ეს ნიშნავს დღეს არსებული სტატუს-კვოს ორი საფეხურით გაუმჯობესებას. ინვესტორებისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო გახდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა ინვესტიციების თვალსაზრისით, ქვეყანა, რომელიც უკეთეს პლატფორმას შემოგთავაზებთ იმისთვის, რომ თქვენ რეგიონში აკეთოთ სტაბილური და სწრაფად ზრდადი ბიზნესი.

მინდა, შევეხო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. მოგეხსენებათ, შარშანდელი წელი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით იყო ისტორიული მაქსიმუმი ჩვენთვის და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ამ ინვესტიციებში იტალიური კომპანიების წვლილი საკმაოდ მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვნად იზრდება იმ ნომენკლატურის ჩამონათვალი, რომელიც ჩვენ სავაჭრო ბრუნვაში გვიფიქსირდება როგორც ევროკავშირთან, ასევე იტალიასთან, რაც ნათლად მიუთითებს იამზე, რომ ჩვენ არ ვართ ჩამოკიდებული მხოლოდ ერთ რომელიმე სასაქონლო ჯგუფზე ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში. ეს ძალიან კარგი სიგნალია და ჩვენ ამ სავაჭრო ბრუნვის შემდგომ დივერსიფიკაციას აუცილებლად ხელს შევუწყობთ. მინდა, შევეხო იმ ძალიან მნიშნელოვან პროგრესს, რომელიც ჩვენ გვაქვს ექსპორტის თვალსაზრისით. შარშან თითქმის 30%-ით გაგვეზარდა ექსპორტი და წელსაც ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი დინამიკაა. პირველი 6 თვის განმავლობაში კიდევ 28%-ით გაიზარდა ექსპორტი საქართველოდან, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ის სავაჭრო რეჟიმები, რომელსაც საქართველომ ხელი მოაწერა ერთმნიშვნელოვნად ხელს უწყობს საქართველოდან ექსპორტის პოტენციალის გაზრდას. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რომ ჩვენ იტალიიდან შევძლოთ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიღება ისეთ სექტორებში, როგორიც არის მშენებლობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა და სხვა.

საქართველო ამავე დროს არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც პარალელურად აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ინდოეთთან, რომ უახლოეს მომავალში დავასრულოთ მოლაპარაკება და მათთან ერთად შევქმნათ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რაც ვფიქრობ საქართველოს მიმზიდველობას იტალიელი ინვესტორებისთვის კიდევ უფრო გაზრდის“,- აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით,  საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა.

„ჩვენ უკვე 34 ქვეყანასთან აქვს ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმება ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ და ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომ საქართველოსა და იტალიას შორის დავიწყოთ კონსულტაციები ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო წავახალისოთ სავაჭრო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის.

მსურს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ფორუმის ყველა მონაწილეს, ბიზნესსექტორს. მე მქონდა ბედნიერება, ჯერ „საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელის როლში, ხოლო შემდეგ ფინანსთა მინისტრის პოსტზე პირდაპირ მემუშავა იტალიურ კომპანიებთან. მათი მენეჯმენტის და გამოცდილების ხარისხი მართლაც ძალიან მაღალია, სწორედ ისეთი, როგორიც დღეს ჩვენ საქართველოში გვჭირდება, ისეთი, როგორიც პასუხობს იმ ეკონომიკურ გამოწვევებს, რაც დღეს გვაქვს ჩვენ ქვეყანაში. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად მნიშვნელოვნად გავზრდით სავაჭრო ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის და რაც მთავარია, ქალბატონებო და ბატონებო, მინდა, თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს განცდა, რომ საქართველო არის საიმედო პლატფორმა თქვენთვის, რომ თქვენ აკეთოთ ბიზნესი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ჩვენი რეგიონი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, ჩვენს რეგიონში არსებობს ძალიან მზარდი მოთხოვნა ევროპულ, მაღალხარისხიან პროდუქციაზე, პროდუქციაზე, რომელსაც იტალიური კომპანიები აწარმოებენ. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ, კიდევ უფრო აქტიურად განიხილოთ თქვენი ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა საქართველოში.

უღრმესი მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ ახორციელებთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის. მე დღეს გულწრფელად ვთქვი, რასაც თითოეული ჩვენგანი გრძნობს. საქართველოს ევროპული არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ ჩემი თაობის არჩევანი, ეს გახლავთ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი. საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და იტალიელ ხალხს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც თქვენ ახორციელებთ საქართველოსადმი ჩვენს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები