პარლამენტმა ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
კოალიცია “ქართული ოცნების” ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, აქტუალურია თვითმმართველ ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების საკითხიც.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საჯარო სამსახურის შესახებ დღეს მოქმედი კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ყველა საჯარო მოხელე დროებით მოვალეობის შემსრულებლად ცხადდება და ისინი კონკურსის წესით უნდა დაინიშნონ, რის გამოც პრაქტიკულად ყველა თვითთმართველობაში უნდა ჩატარდეს რეორგანიზაცია.
კოალიციის ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა “საჯარო სამსახურის შესახებ კანონში” ცვლილებების შეტანის ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა.
“ჩემი ინიციატივაა, შევიდეს ცვლილება “საჯარო სამსახურის შესახებ კანონში”. ამ ცვლილების შედეგად საჯარო მოხელეებს არჩვენების შემდეგ აღარ დაითხოვენ სამსახურიდან. შტატების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კი მუნიციპალიტეტები დამოუკიდებლად მიიღებენ, ” – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი აღნიშნავს, რომ რეოგრანიზაცია უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად და კანონის შესაბამისად. მუნიციპალიტეტებისათვის კიდევ უფრო მკაფიოდ უნდა განისაზღვროს საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესები, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებში მაღალი კვალიფიკაციის საჯარო მოხელეების არსებობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ ინიციატივით უმრავლესობას წინა კვირას მიმართა. “საჯარო სამსახურის შესახებ კანონში” შესაბამისი ცვლილებება დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები