იტალიის პრეზიდენტი: ჩვენ ძალიან ვაფასებთ ნდობას და იმ მისწრაფებას, რომლითაც საქართველო უყურებს ევროკავშირს

იტალია აფასებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და აფასებს იმ ნდობას და მისწრაფებას, რომლითაც საქართველო უყურებს ევროკავშირს.- ამის შესახებ იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სერჯო მატარელამ, სიტყვით გამოსვლა ტყიბულის შახტში გარდაცვლილთა ოჯახებისთვის სამძიმრის გამოცხადებით დაიწყო.

“კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს სამძიმარს მთელი საქართველოს წინაშე იმ გარდაცვლილი მეშახტეების გამო, რომლებიც დღეს დაიღუპნენ. დღეს ძალიან ნაღვლიანი დღეა საქართველოში.
ძალიან მოხარული ვარ, რომ იტალიის სახელმწიფო მეთაურის ვიზიტი შედგა სულ რამდენიმე თვის შემდეგ  საქართველოს პრეზიდენტის რომში ვიზიტის შემდეგ. ამაყი ვარ, რომ იტალიის პირველი პრეზიდენტი ვარ, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოს ეწვია და ბედნიერი ვარ, რომ ეს პატივი მე მხვდა წილად, განსაკუთრებით საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლის თავზე.
პრეზიდენტთან ერთად ვისაუბრეთ ძალიან მეგობრულად ჩვენი არაჩვეულებრივი ურთიერთობების შესახებ, რომელიც ორივესთვის ძალიან დიდი კმაყოფილებისა და სიამაყის მომტანია. ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს შორის არის უძველესი ურთიერთობები, პოლიტიკური ურთიერთობები, იყო სულ უფრო და უფრო მზარდი ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებიც ადასტურებენ რამდენად ღრმა და მნიშვნელოვანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები და ასევე რამდენად დიდია ჩვენი ურთიერთობების პერსპექტივები. ეს არის პერსპექტივა, რომლის შექმნის იმედიც გვაქვს ამ ვიზიტის შედეგად.
ასევე ამას ადასტურებს ის ორმხირივი მემორანდუმები, რომლებსაც ახლა მოეწერა ხელი, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს და აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სხვადასხვა ინტერესებს, იქნება ეს, სამეცნიერო, ჯანდაცვის, სამხედრო, კულტურისა თუ ტექნოლოგიების სფერო. ყველა ის ასპექტი, რომელიც ადასტურებს საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობის სიმტკიცეს. იტალია საქართველოს უყურებს, როგორც მნიშვნელოვან, სანდო და არსებით პარტნიორს. არ შემიძლია არ ვახსენო ის ერთობლივი ძალისხმევა, რომელსაც ავღანეთში ჩვენი კონტიგენტი ეწევა ერთობლივად.
ჩვენი ეკონომიკა ერთმანეთის შემავსებელია და ჩვენ ვისურვებდით, რომ კიდევ უფრო განვითარდეს და სულ უფრო და უფრო მეტი იტალიური კომპანია ჩამოვიდეს საქართველოში, მეტი ინვესტიცია განახორციელონ და მოიტანონ თავიანთი ცოდნა, მოდერნიზაცია და ისარგებლონ იმ სტაბილურობით, რომელსაც საქართველო სთავაზობს მათ.
მე ვახსენე პრეზიდენტთან, რომ იტალია დარწმუნებულია და აბსოლუტურად მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ვუთხარი პრეზიდენტს, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ნდობას და იმ მისწრაფებას, რომლითაც საქართველო უყურებს ევროკავშირს.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და ამ ორიენტაციას, ასეთი მეგობარი ქვეყნისაგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ამ პოლიტიკამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა, ესენია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საშუალებაა ქვეყნისათვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ და კარგად ვაცნობიერებთ მას, რომ იტალია სულ უფრო დაუჭერს მხარს კონსოლიდირებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და ხელს შეუწყობს ამ რეგიონში კეთილდღეობასა და სტაბილურობას”, – განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები