გიორგი მარგველაშვილი: იტალიამ მთელი მსოფლიოს გასაგონად, საქართველოში რუსული ოკუპაციის მიუღებლობა დააფიქსირა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ქართული და უცხოური მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა იტალიის მიერ საქართველოს მხარდაჭერის შესახებ, როგორც ნატოს ბრიუსელის სამიტზე, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში და მადლობა გადაუხადა იტალიის პრეზიდენტს ურყევი მხარდაჭერისათვის, რაც საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოს პრეზიდენტმა მედიასთან განცხადება დღეს ტყიბულის შახტაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ საუბრითა და მეშახტეთა ოჯახების მიმართ სამძიმრით დაიწყო:
“პირველ რიგში მინდა თანადგომა გამოვუცხადო იმ ოჯახებს, მთელ ქართულ საზოგადოებას, რომელიც დღეს  გლოვობს ამ ტრაგედიას. ვუსურვო სწრაფი გამოჯანმრთელება და ტკივილის შემსუბუქება იმ ადამიანებს, ვინც დღეს მკურნალობენ ამ ტრაგიკული მოვლენის გამო.
მინდა მადლობა ვუთხრა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს იმ უმნიშვნელოვანესი და ისტორიული ვიზიტისთვის, რომელიც დღეს შედგა საქართველოში. იტალიის პრეზიდენტის ვიზიტი პირველადაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელიც ნამდვილად საფუძველს ჩაუყრის, უფრო გააღრმავებს და გააფართოებს თანამშრომლობას ჩვენ ქვეყნებს შორის. მინდა მადლობა ვუთხრა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოში ჩამობრძანებისთვის და მადლობა ვუთხრა მასპინძლობისთვის რომში.
თქვენი ჩამობრძანება ბატონო პრეზიდენტო არის ისტორიული და მისცემს დასაბამს კიდევ უფრო ფართე თანამშრომლობას ჩვენ ქვეყნებს შორის. იტალია საქართველოს მხარდამჭერი ძლიერი, ევროპული ქვეყანაა. მე მადლობას გიხდით ამ მხარდაჭერისთვის და დღეს მე მომეცა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მადლობა მეთქვა იმ ძალიან მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც იტალიას სულ რამდენიმე დღის წინ ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში ნატოს სამიტზე.
ნატოს სამიტზე იტალიის პრემიერმინისტრმა ძალიან ნათლად დააფიქსირა თავის გამოსვლაში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, დააფიქსირა საქართველოს პროგრესი და მისი მოლოდინი საქართველოს დემოკრატიული პროცესების გაღრმავების და ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო, რომ ასევე დაფიქსირდა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა. ამასთან ერთად იტალია იყო ერთერთი ქვეყანა იმ 29 ქვეყანას შორის, რომელმაც მკვეთრად, მთელი მსოფლიოს გასაგონად, ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსის ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, პრეზიდენტების და პრემიერმინისტრების დონიდან,  დააფიქსირა საქართველოში რუსული ოკუპაციის მიუღებლობა, რუსული ჯარის გაყვანის აუცილებლობა, საქართველოს ევროპულ ევროატლანტიკური პერსპექტივის ურყეობა და ამ პროცესის განმავლობაში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართ მხარდაჭერა და საქართველოს, როგორც შავი ზღვის ქვეყნის სამხედრო და უსაფრთხოების თანამშრომლობაში მიწვევის ნათელი პერსპექტივა.
ჩვენც ასევე ბატონო პრეზიდენტო ვაფიქსირებთ ჩვენს ერთგულებას ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მიმართ და ჩვენს ერთგულებას იმ თანამშრომლობის პროექტების მიმართ, რომელიც არსებობს იტალიასა და საქართველოს შორის. მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა TAP -ის პროექტს, რომელიც ნათლად ასახავს ჩემი ქვეყნის გეოპოლიტიკურ ორიენტაციას და ღირებულებას, რომელიც მდგომარეობს ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური, ენერგეტიკული თანამშრომლობების გაღრმავებაში, თანამშრომლობებისა, რომელიც ხელსაყრელია ორივე მხარისთვის. ცოტა ხანში, სულ ერთ წელიწადში, იტალიის ენერგოუსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი გახდება კასპიური ენერგოპროექტი TAP-ი, რომლის შემადგენელი ნაწილიც საქართველოა და ამ შემადგენელს საქართველო სწორედ ასე ხედავს, ყოველგვარი პოლიტიკური ფასის გარეშე, არამედ თანამშრომლობის ფორმატების აქტიური განვითარებითა და გაღრმავებით.
მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ საქართველო როგორც რეგიონში ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის ქვეყანა, რომელსაც გააჩნია თავისუფალი ვაჭრობა ორ მილიარდიან ბაზართან, რომელსაც აქვს უაღრესად წარმატებული რეიტინგები ბიზნესის გახსნის, კორუფციის არარსებობის და სტარტაპების თვალსაზრისით, ძალიან ფართოდ ხსნის თავის კარს პარტნიორი ქვეყნების ბიზნესწარმომადგენლების მიმართ.
მე მადლობას გიხდით ბატონო პრეზიდენტო და თქვენ ამ ვიზიტზე ჩამობრძანდით ბიზნესმენებთან ერთად და დარწმუნებული ვარ ბიზნესის ბიზნესთან ურთიერთობა გაგრძელდება იმ ძალიან წარმატებული ვიზიტის, ასევე ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის შემდეგ, რომელიც ბატონ პრემიერ კვირიკაშვილს სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა იტალიაში და ამ ფორმატების მუდმივი შენარჩუნება, რომელიც ბიზნეს პარტნიორობას გულისხმობს, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
ჩვენ მივესალმეთ იმ ხელშეკრულებებს, რომლებსაც ხელი სულ ცოტა ხნის წინ მოეწერა და ბოლოს, მე მინდა აღვნიშნო ბატონო პრეზიდენტო, რომ ის რაც გითხარით პირისპირ შეხვედრის დროს, რომ მომავალშიც საქართველოს ყველა ლიდერი, იტალიის ყველა წარმომადგენელს მადლობას ეტყვის იმ განსაკუთრებული დახმარებისთვის, რომელიც თქვენ, თქვენმა ქვეყანამ გაუწია საქართველოს მაშინ, როდესაც ჩვენ ყველაზე მეტად გვიჭირდა. საქართველოს ოკუპაციის პირველი ტალღის დროს 90-იან წლებში, როდესაც მოხდა აფხაზეთის ოკუპაცია, ჰიბრიდული რუსული ძალის მიერ, მაშინ იტალიამ ფართოდ გაუღო კარი ათასამდე ქართველ ახალგაზრდას, ქართველ ოჯახს, შეიფარა ისინი და უპატრონა მათ.
დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო ამისთვის და ეს განსაკუთრებით კიდევ იმიტომ, მინდა აღვნიშნო ეს, რომ თქვენ ხართ იმ ქალაქიდან, რომელიც განსაკუთრებით აქტიური იყო ამ თვალსაზრისით. მადლობა იმისთვის, რომ ყველაზე მძიმე წუთებში ჩვენს გვერდით იდექით, კიდევ ერთხელ მივესალმები თქვენს ჩამობრძანებას და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი მისცემს ბიძგს არაერთ საინტერესო თანამშრომლობის ფორმატს ჩვენს სახელმწიფოებს შორის”,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები