ივანე მაჭავარიანი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე და რეფორმების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედკალი აბილგაზიევმა ფინანსთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
უწყების ცნობით, ფინანსთა მინისტრმა სტუმარს ის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, რომელთა განხორციელებაც გათვალისწინებულია სამთავრობო პროგრამით, რომელსაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად პარლამენტმა ახლახან ნდობა გამოუცხადა.
ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს წარმატება უსურვა ახალ თანამდებობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ყირგიზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრაზე სტუმრები გაეცნენ პრეზენტაციას, რომელიც შეეხებოდა საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებებით ფინანსთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ინიციატივებს.
ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციაცა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოში OGP-ის სამიტის ფარგლებში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში ყირგიზეთის როგორც აღმასრულებელი ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წამომადგენლები იმყოფებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები