რომან კაკულია: მთავრობის ახალი გუნდი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მართებული ხედვების გამო, ნდობას იმსახურებს

0

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ მთავრობის ახალი გუნდი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მართებული ხედვების გამო, ნდობას იმსახურებს. მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, იმ ძირითად არგუმენტებზე ისაუბრა, რის გამოც მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და პროგრამას მხარი დაუჭირა.
„მთავრობის პროგრამის 4 ძირითადი მიმართულება მინდა გამოვყო, რომლის გამოც, მე ამ პროგრამას ვუჭერ მხარს. პირველი ეს არის ბიზნესგარემოს გაუმჯობესება. იმ ქვეყნისათვის, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი ეკონომიკის განვითარებისათვის მთავარი ფუნდამენტი არის თავისუფალი ბაზარი და ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკაში, ცხადია ბიზნესგარემო არის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ბიზნესგარემო ეს არ არის აბსტრაქტული ცნება, ეს არის კონკრეტულ ღონისძიებათა ძალიან კონკრეტული ჩამონათვალი. თითოეული ეს ღონისძიება არის გაზომვადი. სწორედ, ამ გამოწვევების ხედვა არის გაწერილი ამ პროგრამაში. როდესაც პროგრამა ცალსახად პასუხობს მთავარ გამოწვევებს, როგორიც არის ბიზნესდავები, დავების ვადები, მოსამართლეების კვალიფიკაცია და როდესაც არის წამოწეული წინ პრობლემა გადახდისუუნარობასთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით გუნდს მართებული ხედვა აქვს. მეორე არგუმენტი არის ინდუსტრიული განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში არის თანამედროვე ინდუსტრიული განვითარების ხედვა, რომელიც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიურია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონების დონეზე მკაფიოდ შეისწავლება კონკურენტული უპირატესობები და მას დაეფუძნება ინდუსტრიის განვითარება. ეს ასევე მართებული ხედვაა. მესამე – ეს არის ინვესტიციების მოზიდვის კონკრეტული სამოქმედო გეგმის საჭიროების არსებობა პროგრამაში. როდესაც ჩვენ რეიტინგში გვინდა საინვესტიციო ნდობის მიღწევა, მთავრობა ამას სამიზნედ იღებს და ამბობს, რომ მომზადდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელსაც მოერგება შემდგომი ღონისძიებები და მთავრობის კონკრეტული ქმედებები, ჩემი აზრით ესეც კონკრეტული ხედვაა იმისა, თუ როგორ უნდა მოვიზიდოთ მაღალი ხარისხის ინვესტიციები, რომელმაც თვისობრივად ახალ დონეზე უნდა აიყვანოს ქვეყანა. ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ ინვესტიციების მოზიდვაზე, პრინციპში კონკრეტული გრძელვადიანი ნაბიჯებიც იდგმება ამ მიმართულებით, მაგრამ, მივესალმები იმას, რომ მთავრობა ხედავს ამგვარი კონკრეტული ტიპის სამოქმედო გეგმის არსებობის საჭიროებას და ესეც მნიშვნელოვანი არგუმენტი გახდა ჩემთვის პროგრამის მხარდასაჭერად. მეოთხე არგუმენტი – საგარეო პოლიტიკა. საგარეო პოლიტიკა არის საშინაო პოლიტიკის გაგრძელება. ჩვენ ვამბობთ, რომ ინვესტიციების მოზიდვა ჩვენი ეკონომიკისთვის, სადაც ჩვენი დანაზოგები ლიმიტირებულია, არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მოხარული ვარ, რომ მამუკა ბახტაძის პასუხში გაიჟღერა ასეთმა იდეამ, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის ევროპული მომავალი არის უალტერნატივო. ევროპასთან ინტეგრაცია გადის ევროპასთან ეკონომიკურ ინტეგრაციაზე. ევროპასთან ეკონომიკური ინტეგრაცია კი არის ის გზა, რომელსაც თუ რაიმე პრიორიტეტი, ოდნავ მაინც წინ გადაეღობება, რაც უნდა რაციონალური იყოს მოცემულ მომენტში, გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ ჩაითვლება სწორ გადაწყვეტილებად. ძალიან ცვალებად სამყაროში ჩვენ ვალდებული ვართ, აბსოლუტურად სწორად ავწონოთ ყველა იმ ქვეყნის ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში, რომლებიც არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და არიან ინტეგრირების პროცესში ჩართულები. ჩვენი ადგილი ევროპაშია და ეს უალტერნატივოა. ყველა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, სწორედ, ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს”, – განაცხადა კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი