გიორგი ქობულია: არანაირად არ ვარ დამოკიდებული, არ მეშინია დავკარგო სამსახური

„არანაირად არ ვარ დამოკიდებული, არ მეშინია დავკარგო სამსახური. ამ თვალსაზრისით ყოველთვის დიდი პერსპექტივა მაქვს. შემიძლია წავიდე და გავაკეთო ის, რაც მინდა, საქართველოში, რუსეთში თუ ამერიკაში“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ამასთან, კანდიდატი განმარტავს, რომ იგი საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ ქვეყანას დაეხმაროს იმ გამოცდილებით, რაც 20 წლის განმავლობაში მან დააგროვა.

„არანაირად არ ვარ დამოკიდებული, არ მეშინია დავკარგო სამსახური. ამ თვალსაზრისით ყოველთვის დიდი პერსპექტივა მაქვს. შემიძლია წავიდე და გავაკეთო ის, რაც მინდა, საქართველოში, რუსეთში თუ ამერიკაში. ექსკლუზიურ პოზიციაზე ვიყავი ძალიან მსხვილ კომპანიში, ვიყავი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, უფროსი პარტნიორი. ეს არის ელიტური, უმაღლესი ეთიკური სტანდარტების კერძო კომპანია.
არ მინდა, თავის ქებაში ჩამომართვათ, მაგრამ მე ცხოვრებაში არანაირი პრობლემა არ მაქვს. აქ ჩამოვედი იმიტომ, რომ მინდა, ამ ქვეყანას დავეხმარო, ჩემი გამოცდილება, რაც მივიღე „მაქკინზიში“ 20 წლის განმავლობაში, საქართველოს მოვახმარო და, რა თქმა უნდა, მაქვს ინტერესი და ამბიცია, რაღაც გავაკეთო. ამიტომ, არ გადავუხვევ ჩემს პრინციპებს, ამ პრინციპებით ვცხოვრობდი 20 წელი და ასე ვაპირებ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატი რომან გოცირიძე დაინტერესდა, ვინ შეარჩია ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატები და იცნობდნენ თუ არა ისინი ბიძინა ივანიშვილს.
როგორც ქობულიამ განაცხადა, მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ შესთავაზა, რითაც დაინტერესდა.
შემდეგ კი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
„წინადადება შემომთავაზა მამუკა ბახტაძემ, რომელსაც არ ვიცნობდი, მაგრამ ერთხელ მყავდა ნანახი. მას სმენია ჩემს შესახებ. ალბათ, გაიკითხ-გამოიკითხეს და გადაწყვიტეს, რომ ამ კვალიფიკაციის ადამიანი სჭირდებოდათ. მან შემომთავაზა და დავინტერესდი. ყოველთვის მინდოდა საქართველოში დაბრუნება და რაღაცის გაკეთება, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა და დიდი ინტერესია, ამიტომაც ამ წინადადებას სერიოზულად გავეცანი.
ამის შემდეგ, მე შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, რადგან ის არის პარტიის ლიდერი და რა თქმა უნდა, მაინტერესებდა, რამდენად ეთანხმებოდა ჩემი და ბიძინა ივანიშვილის, როგორც პარტიის თავმჯდომარის ხედვა. მსურდა, მისგან რჩევა მიმეღო და გამეგო, რისი გაკეთებაც მე მინდა, იქნებოდა თუ არა მისაღები ამ კონტექსტში. ეს გავაკეთე და მე შემიძლია ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ, ბოლო სამი კვირის განმავლობაში შეხვდი და განვიხილეთ ეს საკითხები“, – განაცხადა ქობულიამ და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე პრინციპები დაემთხვა.
ამასთან, მინისტრობის კანდიდატმა განმარტა, რომ ის საკონსულტაციო კომპანიაში მუშაობის დროს რუსეთში ცხოვრობდა, ვინაიდან კურირებდა ნავთობის, ენერგეტიკისა და სამთო საქმის სფეროს, ეს სექტორი კი, რუსეთში ძალიან დიდია. კომპანიის რუსეთში ბაზირებული ცენტრი ემსახურებოდა აღმოსავლეთ ევროპასა და დსთ-ის რეგიონებს.
„პრაქტიკულად, ვმუშაობდი მსოფლიოს მასშტაბით, სინგაპური, სამხრეთ აფრიკა, აშშ, ევროპა, რუსეთთან იმდენად არ არის ეს დაკავშირებული, როგორც შეიძლება ჩანდეს“, – განაცხადა ქობულიამ.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მისი ძირითადი საქმიანობის გარდა, ის ყოველთვის დაინტერესებული იყო ეკონომიკური პოლიტიკითა და ეკონომიკური ზრდით.
„ამ თვალსაზრისით, ხშირად საქართველოს მთავრობასაც ვეხმარებოდი. ჩამოვდიოდი. ბევრი რამ მაკავშირებს საქართველოსთან. პრაქტიკულად, თვეში 3-4 დღე თბილისში ვიყავი, არ ვყოფილვარ მოწყვეტილი და არ ყოფილა ისე, რომ სადღაც წავედი, ემიგრაციაში არასდროს ვყოფილვარ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები