,,ხელოვნება ღია სივრცეში: ნარატიული ტალღა“ – საქართველოში მოღვაწე მხატვრების გამოფენა გაიმართება

15 ივლისს,  17:00 საათიდან 21:00 საათამდე, ძველ თბილისში, სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკვერში, საქართველოში მოღვაწე მხატვრების გამოფენა:  ,,ხელოვნება ღია სივრცეში – ნარატიული ტალღა“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა მხატვართა საერთაშორისო მოძრაობა Narattive Movements-ის ფარგლებში  გაიმართება. 2018 წლის 15 ივლისს მსოფლიოს 25 ქვეყანაში (ინდოეთი, საფრანგეთი, ინგლისი, თურქეთი, ესპანეთი, იტალია და ა.შ.) ერთდროულად ჩატარდება მხატვართა საერთაშორისო მოძრაობა Narattive Movements მიერ ინიცირებული ეს არტფესტივალი, რომელშიც 170-ზე მეტი მხატვარი მიიღებს მონაწილეობას.
მხატვართა ეს მოძრაობა დაარსა ცნობილმა ინდოელმა მხატვარმა ბიბექ სანტრამ (Bibek Santra). მან რამდენიმე მოხალისე ხელოვანთან ერთად დაიწყო გამოფენების მოწყობა ღია სივრცეებში, რომელიც მიზნად ისახავდა სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციას.
10 წლის წინ, ბიბექ სანტრას ხელმძღვანელობით და რამდენიმე მოხალისე მხატვრის ინიციატივით დაწყებულმა ამ მოძრაობამ საერთაშორისო სახე მიიღო და მას მრავალი ქვეყნის მხატვარი შეუერთდა. ღია სივრცეებში გამოფენილი მხატვართა ნამუშევრების ასლები მიზნად ისახავს ადამიანების მეტად დაახლოებას ხელოვნების ამ დარგთან და მხატვრებთან უშუალო, გულღია საუბრებს, რაც მათში იწვევს დადებით ემოციებს. თანამედროვე ხელოვნება, ესაა ალეგორიული, ავტობიოგრაფიული, სიმბოლური, თხრობითი, მეტაფორული და არის მხატვრის შემოქმედებითი სათქმელის გაძლიერება. ეს ყველაფერი კი ადამიანების ემოციების განმუხტვას ემსახურება, ზოგიც ახლიდან აღმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს.
15 ივლისს, 16 ქართველი ხელოვანი (მათ შორის სამი მოზარდი) შეუერთდება ამ საერთშორისო არტფესტივალს, რომლის კოორდინატორია ნინა დარჩია და ორგანიზატორი მალხაზ ვარშანიძე. გამოფენის ჩასატარებლად არჩეულია ძველი თბილისის ტერიტორია, ვინაიდან ეს ადგილი თავისთავად მოხვდება ფოტოებში და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი დედაქალაქის პოპულარობასა და ხელოვანი ადამიანების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში.
ორგანიზატორები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან თანადგომისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები