გრაკლიანის უნიკალურ წარწერას იტალიელი ექსპერტი შეისწავლის
იტალიელი ექსპერტი სტეფანო ვოლტა საქართველოში გრაკლიანის უნიკალური წარწერის შესასწავლად ჩამოვიდა. გრაკლიანის უნიკალური წარწერისთვის კონსერვაციის ჩატარება შესაძლებელია და სამუშაოები სექტემბრიდან დაიწყება, – განუცხადა მან პირველ არხს.
„შემორჩენილი ნაწილის საკონსერვაციო მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, უფრო მეტად პრობლემაა ალიზის ნაწილი, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია. ამ პრობლემის გადაჭრის გზას არაორგანული კონსოლდანტების მეშვეობით ვხედავ. მაგალითად, ეთილ სილიკატით. ეს არის არაორგანული მასალა, რომელიც მუშაობს სტრუქტურის მატრიცაზე და უზრუნველყოფს მისი მდგომარეობის გამჯობესებას, ნიმუშის სუნთქვის დაცულობით“,- განაცხადა სტეფანო ვოლტამ.
როგორც პროფესორი ვახტანგ ლიჩელი განმარტავს, პარალელურად, გრაფიკულად არამეულის მსგავსი წარწერის დეშიფრირების პროცესი მიმდინარეობს. წარწერის გაშიფვრაზე უდინეს უნივერსიტეტის პროფესორი, ფრედერიკო მარიო ფალესი მუშაობს.
პროფესორი ვახტანგ ლიჩელი, რომელიც არქეოლოგიურ გათხრებს გრაკლიანის გორაზე ამ დრომდე ხელმძღვანელობს, ვარაუდობს, რომ ამ დამწერლობის ავტორს აუცილებლად ექნებოდა სხვა წარწერები შესრულებული და არ არის გამორიცხული, ამავე ტერიტორიაზე ახალი აღმოჩენის მხილველები გავხდეთ.
თსუ-ს არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, ვახტანგ ლიჩელის განცხადებით, უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი გრაკლიანის უნიკალური წარწერის ნიმუშები, რომელიც საქართველოში, სავარაუდოდ, უძველესია, თარიღის დაზუსტების მიზნით, მაიამის ბეტა ლაბორატორიაში გააგზავნეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ის ძვ.წ. XI-X საუკუნეებს მიეკუთვნება.