ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას სამკითხველო დარბაზი გაიხსნება

13 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში, კომპანია „m2 უძრავი ქონების“ მხარდაჭერით, ვაჟა-ფშაველას სამკითხველო დარბაზი და ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი სარეგისტრაციო სივრცე გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველად დარეგისტრირება სწორედ ამ განახლებულ, კომფორტულ და მყუდრო გარემოში იქნება შესაძლებელი.
ვაჟა-ფშაველას სამკითხველო დარბაზში გამოფენილი იქნება მწერლის სიცოცხლეში დაბეჭდილი უნიკალური გამოცემები, მისი პორტრეტები და ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული ვაჟას ხელნაწერები.
ვაჟა-ფშაველას სამკითხველო და ახალი სარეგისტრაციო სივრცე კომპანია „m2 უძრავი ქონების“ ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო. ეროვნულ ბიბლიოთეკასა და და კომპანია „m2 უძრავ ქონებას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გასულ წელს გაფორმდა.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კომპანიის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკას კიდევ ერთი ახალი სივრცე, ვაჟა-ფშაველას სამკითხველო შეემატა, სადაც მკითხველები მყუდრო და კომფორტულ გარემოში შეძლებენ კითხვას და წვდომა ექნებათ გენიალური ავტორის უიშვიათეს გამოცემებზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ, m2-ის მხარდაჭერით, ეროვნულ ბიბლიოთეკას ახალი სარეგისტრაციო სივრცეც ექნება“, – განაცხადა m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.
„ვაჟა-ფშაველას დარბაზი ეროვნულ ბიბლიოთეკაში აუცილებელი ამბავი მგონია. ამ აზროვნებისა და გაქანების ადამიანი ჩვენ ორი-სამი თუ გვყავდა და მისი სახელის ქვეყნის უპირველეს წიგნსაცავში შესაბამისი წარმოჩენა ძალიან მახარებს. მით უფრო მნიშვნელოვანი და სიმბოლურია ამ დარბაზის დამოუკიდებლობის დარბაზ-მუზეუმის სივრცეში გაჩენა – ვაჟა თავისუფლების უმთავრესი ქომაგია. სასიამოვნოა, რომ ამ ყველაფერს განახლებული რეგისტრატურაც ემატება და ეს ყველაფერი კერძო ბიზნესის ხელშეწყობით ხდება“, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები