დანიილ ხარმსის კრებულის -„შენ ფანჯარაში დამინახავ“ – წარდგენა გაიმართება

13 ივლისს, 19 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, მანანა მენაბდის მიერ თარგმნილი დანიილ ხარმსის კრებულის -„შენ ფანჯარაში დამინახავ“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კრებული აერთიანებს ავტორის ყველაზე გამორჩეულ მოთხრობებს, ჩანახატებს, პიესებსა და სხვა ჟანრის ნაწარმოებებს.
პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ კინომსახიობთა და რუსთავის თეატრების მსახიობები: ნიკა ჩხაიძე, ცოტნე მეტონიძე, ანა მატუაშვილი და ირინა გიუნაშვილი.
კრებულის შესახებ ისაუბრებენ მწერლები და ლიტერატორები: გაგა ლომიძე, ნიკა აგლაძე, კატო ჯავახიშვილი, გურამ მეგრელიშვილი და ნინია სადღობელაშვილი.
მანანა მენაბდე: „ლიტერატურაში, აკადემიური მწერლების გარდა, ისეთებიც გვხვდებიან, რომლებიც ანგრევენ კედლებს, გამოდიან საყოველთაოდ მიღებული ჩარჩოებიდან და მუდმივად ახალი გზების ძიებაში არიან. ზუსტად ასეთი მწერალია დანიილ ხარმსი – ირაციონალური, უკიდურესობების მწერალი, რომელიც აქტუალურობას კი არ კარგავს, არამედ ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტორად მიიჩნევა.
მსოფლიო გაოგნებული იყო, როცა, სამოციანი წლების ბოლოს, ხარმსი აღმოაჩინა. სიტყვებისა და ასოების თამაშით დაწერილი, ერთი შეხედვით, აბსურდული და ალოგიკური ვარიაციები მომავლის მწერლობა აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ უდიდესი ექსპერიმენტატორის მიერ დიდი ტრაგიზმითა და იუმორით დაწერილმა ტექსტებმა მომავალში დაიდეს ბინა.
ხარმსი – აბსურდული სინამდვილის დღესასწაული! ამ მოგონილ, ილუზიურ „დღესასწაულში“ ვიმყოფებით ჩვენ, ადამიანები, მას შემდეგ, რაც დედამიწა გაჩნდა.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები