„სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაცია: საქართველო ფოკუსში“ – უნივერსიტეტში საჯარო ლექციები იწყება
16 ივლისს, 18:00 საათზე, თსუ VI კორპუსში, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი იწყებს საჯარო ლექციების ციკლს – „სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაცია: საქართველო ფოკუსში“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პირველ ლექციას „მედიასისტემისა და „გლასნოსტის“ ნარატივის თავისებურებები ქართულ მედიაში – 1989-1990 წლები” გამართავს ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ხათუნა მაისაშვილი.
„საჯარო ლექციაზე ხათუნა მაისაშვილი ოთხი სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მქონე გაზეთის 158 მედიური ნიმუშის რელაციურ კონტენტანალიზზე დაყრდნობით ისაუბრებს 1989-90 წლების „გლასნოსტური“ პოლიტიკის ქართული თავისებურებების შესახებ. ვინაიდან ისტორიის გადაფასება „გლასნოსტის“ შინაარსში დღემდე რჩება უპირობო ლიდერ თემად (დროისა და ინტენსივობის მიხედვით) სხვა ტაბუახსნილ თემებთან შედარებით (სასაქონლო დეფიციტის მხილება, ერთპარტიული მმართველობის კრიტიკა და სხვ.), ისტორიის გადაფასება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ე. წ. ეროვნულ პერიფერიებზე კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდა. „პერესტროიკის“ პოლიტიკის კვალად დამდგარმა ცვლილებებმა არა მხოლოდ ახალი პოლიტიკური ელიტები შექმნა, არამედ ამ ელიტების მედიურ გამოცემებში ისტორიის გადაფასება ხვალინდელი დღის მომავლის ქვაკუთხედად აქცია, ანუ პირობითი „გუშინ“ გადააქცია „ხვალად“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ხათუნა მაისაშვილი 2015 წლიდან თსუ ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. 2010 წელს მან დაიცვა დისერტაცია თემაზე – “ეროვნული იდენტობის რეპრეზენტაცია ქართულ ბეჭდურ მედიაში 1990-91 წლებში”. ხათუნა მაისაშვილი 1983 წლიდან 2007 წლამდე იყო პრაქტიკოსი ჟურნალისტი, რაც მოიცავდა პოზიციებს შტატგარეშე კორესპონდენტიდან მთავარ რედაქტორამდე. სხვადასხვა დროს მუშაობდა გამოცემებში – „ლელო”, „თბილისი”, „თბილისის უნივერსიტეტი“, „7 დღე“ და „ახალი 7 დღე“. იყო მონაწილე და ავტორი არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტისა, მათ შორის ისეთი ორგანიზაციების დაფინანსებით, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“.
მისამართი: ილია ჭავჭავაძის 8, თსუ VI კორპუსი, აუდიტორია 303.