„რაიან სმიტი საქართველოს დიდი მეგობარი და მოამაგე იყო“…
ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს ამერიკული ოჯახის შემზარავი მკვლელობის გამო. როგორც მუზეუმის ფეისბუქგვერდზე აღნიშნულია, რაიანი და ლორა მუზეუმის მეგობრები და მხარდამჭერები იყვნენ, ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის მუდმივი და გამორჩეული მონაწილეები.
„სრულიად შეძრულები და შოკირებულები ვართ ჩვენი მეგობრის, რაიან სმითის, მისი მეუღლის ლორას და შვილის შემზარავი მკვლელობის ამბით.
რაიან სმიტი საქართველოს დიდი მეგობარი და მოამაგე იყო.
რაიანი და ლორა ჩვენი მუზეუმის მეგობრები და მხარდამჭერები იყვნენ, ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის მუდმივი და გამორჩეული მონაწილეები.
რაიანი მუშაობდა ხალხურ ოსტატებთან ქვემო ქართლსა და კახეთში. აქტიურად იყო ჩართული ხალიჩების ქსოვის პროცესის ყველა ეტაპზე.
მისი თავდადებული შრომის ნაყოფია მაღალი ხარისხის პროდუქციის ნიმუშების შექმნა. ხალიჩების ქსოვის პროექტი მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება იყო ოსტატებისათვის. მისი ოსტატებთან დამოკიდებულება, მათი მხარდაჭერა, მართლაც სამაგალითო იყო. მან შეძლო ე.წ. „ბორჩალოს“ ხალიჩების ქსოვის ტრადიციის აღორძინება.
რაიანი აწყობდა სპეციალურ ტურებს მარნეულის რაიონში. მან უამრავ ადამიანს გააცნო ადგილობრივი ხალხური ოსტატების ყოფა და მათი ნამუშევრები.
ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას აშშ-ს, რაიანისა და ლორას ყველა ახლობელსა და მეგობარს“, – აღნიშნულია მუზეუმის მწუხარების წერილში.