ნოდარ დუმბაძის ფონდში ლიეტუველი პოეტის, ვლადას ბრაზიუნასის კრებულის წარდგენა გაიმართება
12 ივლისს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის ფონდის დარბაზში ლიეტუველი პოეტის, ვლადას ბრაზიუნასის კრებულის – „დღის გახსნის” წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ლიეტუვური ენიდან მთარგნელმა, ფილოლოგმა ნანა დევიძემ განუცხადა, მკითხველს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს ცნობილი ლიეტუველი პოეტის ხელმოწერით.
ვლადას ბრაზიუნასი – ლიეტველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი და ფოტოხელოვანი. ცხოვრობს და მოღვაწეობს ქ. ვილნიუსში.
დაიბადა 1952 წელს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვილნიუსის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და ფილოლოგიის ფაკულტეტებზე. მუშაობდა უნივერსიტეტის ლიტერატურული გაზეთის რედაქციაში. თხუთმეტი წელი იყო გაზეთ „ლიტერატურისა და ხელოვნების“ მთავარი რედაქტორი. ის არის ერთ-ერთი დამფუძნებელი უნივერსიტეტის ფოლკლორული ექსპედიციისა, ლიტველ მთარგმნელთა ასოციაციისა, საერთაშორისო სახელოვნებო საზოგადოების Magnus Ducatus Poesis-ის (magnusducatuspoesis.lt) დამფუძნებელი და ორგანიზატორი.
1996 წლიდან თავისუფალ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევა. დაახლოებით 32 ლიტერატურული პრემიის ლაურეატია სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ. ამათგან უმნიშვნელოვანესია 2013 წელს ეროვნული კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო პრემია, ხოლო 2017 წელს – ბალტიის ქვეყნების ასამბლეის ლიტერატურული პრემია. ის ოცდაერთი პოეტური კრებულის ავტორი და მრავალი ნაწარმოების მთარგმნელია. 70-იანი წლების დასასრულსა და 80-იანი წლების დასაწყისში ვლადას ბრაზიუნასი თითქმის ერთადაერთი პოეტი იყო, რომელიც ეწეოდა ქართული პოეზიის პოპულარიზაციას. თარგმნიდა როგორც ქართული ლიტერატურის კლასიკოსებს, ასევე თანამედროვე პოეტებსაც.
ვლადას ბრაზიუნასის პოეტური სამყარო თავისთავადი და საინტერესოა. მისი პოეტური ენერგიის პირველწყარო მშობლიური კილოკავი, ლიეტუვური მითოსი და ხალხური პოეზიაა. ალუზიებითა და ასოციაციებით დატვირთულ ლექსებში სიტყვა ზოგჯერ თავის ლოგიკურ შინაარსს კარგავს, ზოგჯერ ის თავად ქმნის ახალ სიტყვებს და მათ სრულ თავისუფლებას ანიჭებს. მოულოდნელი და უჩვეულო მეტაფორები კი ქმნიან მელოდიას და ბადებენ განუცდელ ემოციებს, რისი სხვა ენაზე გადმოტანაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. იგი თანამედროვე ლიტვური პოეზიის გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის ლექსების თარგმანები ქართულ ლიტერატურულ პრესაში და ლიტვური პოეზიის კრებულებში კი იბეჭდებოდა, მაგრამ კრებულის სახით პირველად გამოდის სერიით „ლიტერატურა საზღვრებს გარეშე“.