ბნელი ხევის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონიტორინგი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბნელი ხევის ტერიტორიაზე მდებარე ფიტარეთის მონასტრისა და ხულუტის ციხის ფიზიკური მდგომარეობა უცვლელი რჩება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახურის მიერ 25 ივნისის მონიტორინგის მისიისას მომზადებული ანგარიშის თანახმად, ფიტარეთის ტაძრის ფასადების კონსტრუქციული მდგრადობის ხარისხი კვლავაც დამაკმაყოფილებელია და მას ახალი ბზარები და სხვა ტიპის დაზიანებები არ გამოვლენია.
ადგილზე ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ უცვლელი რჩება ხულუტის ციხის ფიზიკური მდგომარეობაც. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განთავსებული ყალაურების მდგომარეობა სტაბილურია და მათ დღემდე დაზიანებები არ მიუღიათ. სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ ხულუტის ციხეზე განმეორებითი მონიტორინგი მიმდინარე წლის 2 ივლისსაც განხორციელდა, რისი საფუძველიც ციხის კედლიდან ქვების ჩამოცვენის შესახებ სააგენტოში შემოსული ინფორმაცია გახდა. მონიტორინგისას ქვების ჩამოცვენის ფაქტი არ დაფიქსირდა არც ციხის ფასადზე და არც მის ინტერიერში. სპეციალიტების შეფასებით დადგინდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მდგომარეობა 25 ივნისს დაფიქსირებული მდგომარეობის შესაბამისი იყო.
25 ივნისს განხორციელებული გეგმური მონიტორინგის ფარგლებში ხარვეზები არ გამოვლენილა ბნელი ხევის ტერიტორიაზე არსებულ არქეოლოგიურ ობიექტზეც – „ნაეკლესიარზე“, რომელიც 2 თვის წინ არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად მიწის საფარისგან გაიწმინდა, დაკონსერვირდა და დამცავი ბადით შემოისაზღვრა.
ძეგლის სტატუსის მინიჭების შემდეგ არ გაუარესებულა ბნელ ხევში ახლად აღმოჩენილი ნაეკლესიარის ფიზიკური მდგომარეობაც, რომელიც კომპანია RMG-ის სალიცენზიო ტერიტორიიდან 750-800 მეტრის დაშორებით მდებარეობს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სპეციალური ბადითაა შემოსაზღვრული და გერეშე ზემოქმედებისაგან დაცულია.
ბნელი ხევის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, რომლებიც კომპანია RMG GOLD-ის სალიცენზიო ფართობთან მდებარეობენ, საზედამხედველო მისიებს კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტო რეგულარულად ახორციელებს. ამავდროულად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფიზიკური მდგრადობის შენარჩუნებისთვის სააგენტოს და კომპანიის ერთობლივი ინიციატივით დაგეგმილია სათანადო ქმედებები, რომელიც საკულტო, საფორტიფიკაციო ნაგებობებსა და არქეოლოგიურ ობიექტებზე სამთო-მოპოვებითი საქმიანობის შედეგად მინიმალურ ფიზიკურ ზეგავლენასაც გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები