ხელოვნების ნიმუშებთან ვირტუალური ინტეგრაციის აპლიკაციის წარდგენა გაიმართება

 10 ივლისს, 13:00 საათზე, ეროვნულ გალერეაში, ხელოვნების ნიმუშებთან ვირტუალური ინტეგრაციის აპლიკაციის წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზუემიდან აცნობეს, აპლიკაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშომლობის ფარგლებში  შეიქმნა.
გაფართოებული რეალობის კულტურულ მემკვიდრეობასთან ინტეგრირების პროექტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პირველკურსელისა და აბიტურიენტის მიერ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებთან ერთად, განხორციელებული სტარტაპია.
ამ ეტაპისთვის, აპლიკაციაში შეტანილია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენილი ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძისა და ლადო გუდიაშვილის 50-მდე ნამუშევრის ტექსტური და აუდიოინფორმაცია. აპლიკაციას ასევე დამატებული აქვს ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებზე „ფერის შეცვლის“ ფუნქცია, რაც დამთვალიერებლისთვის სახალისო და საინტერესო იქნება.
აპლიკაცია „არეალის“ გამოყენება ეროვნულ გალერეაში არსებული პლანშეტების მეშვეობით ნებისმიერი დამთვალიერებლისთვისაა შესაძლებელი. პროექტის შემდგომ ეტაპებზე, ვიზიტორთათვის აპლიკაცია ეროვნული მუზეუმის სხვა გამოფენებზეც იქნება ხელმისაწვდომი.
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები