ხელოვნების სასახლეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე განათლებისა და კულტურის დარგში – მერი როისი ესტუმრა
დღეს, საქართველოს ხელოვნების სასახლეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე განათლებისა და კულტურის დარგში მერი როისი ესტუმრა.
სტუმარმა თანმხლებ პირებთან ერთად გამოფენა – “საჩუქარი საქართველოს” დაათვალიერა (მოეწყო დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მხარდაჭერით), ასევე ესტუმრა სასახლის იმ დარბაზებს, რომლებსაც 2014 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით რესტავრაცია ჩაუტარდა. მერი როისი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ერთხმად დაამტკიცა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობაზე განათლებისა და კულტურის საკითხებში, 2018 წლის 30 მარტს.
ამ თანამდებობაზე იგი კურირებს პროგრამათა ფართო სპექტრს, რაც მოიცავს საგანმანათლებლო, კულტურის, პროფესიულ და სპორტულ გაცვლით პროგრამებს, რომელიც ემსახურება ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებს, ამერიკელ ხალხსა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთგაგების დამყარებას და კავშირებისა და პარტნიორობის ჩამოყალიბებას ამერიკის საგარეო პოლიტიკის გასაძლიერებლად, გლობალურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე რეაგირებისთვის.
როისი, ბიზნესლედი და უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი, 2016 წლიდან იკავებდა კომპანია „მერი როისის“ /Marie Royce, LLC/აღმასრულებელი დირექტორისა და ხელმძღვანელის თანამდებობას, ფულერტონში, კალიფორნიაში. მას კერძო სექტორში მოღვაწეობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა რა „Fortune 500“ -ში შემავალ კომპანიებში და ფლობდა მცირე ბიზნესს, როისი ქმნიდა და ავითარებდა „სტარტაპებსა“ და ახალ ინიციატივებს;
იყო 80-მდე ქვეყანასთან საქმიანი ურთიერთობების წარმომადგენელი. პედაგოგის/უნივერსიტეტის სრული პროფესორის ამპლუაში, როისი უძღვებოდა ორ საერთაშორისო საგრანტო პროგრამას. აგრეთვე ჩართული იყო სხვადასხვა ფედერალური სააგენტოს საქმიანობაში, იყო 20 არაკომერციული საბჭოს წევრი, აგრეთვე, გახლდათ სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო კომუნიკაციებისა და ინფორმაციის პოლიტიკის მრჩეველთა კომიტეტის (ACICIP) კერძო სექტორის მიერ წარდგენილი წევრი,ამასთან ერთად კულტურის სფეროში გაცვლითი პროგრამების ორი სხვადასხვა საბჭოს წევრი. როისი მივლენილი იყო უნგრეთსა და პოლონეთში ახალგაზრდა პოლიტიკურ ლიდერთა ამერიკული საბჭოს დელეგატად. ორგანიზაციამ „ამერიკელ ქალები საერთაშორისო ურთიერთგაგებისთვის“ (AWIU) მას მიანიჭა ჯილდო „Internationalism Award“ .
როისი ფლობს ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში (ორი ძირითადი სპეციალობით) კალიფორნიის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტიდან, რომელიც ქ. პომონაში მდებარეობს და ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს, წარჩინებით, „Beta Gamma Sigma“ჯორჯთაუნის საერთაშორისო ბიზნესის უნივერსიტეტიდან. მას, აგრეთვე, მიღებული აქვს კალიფორნიის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა ჯილდო.