ყვარლის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

 ყვარლის ციხეს  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი ძეგლმა  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის  8 მაისის ბრძანებით მიიღო.
ციხე ვაკეზე დგას და ყველა მხრიდან ერთნაირი მისადგომია. ციხე სწორკუთხედია, ზომებში უახლოვდება კვადრატს (115×93 მ). ნაგებია რიყის ქვის თევზიფხური და რეგულარული წყობით კირხსნარზე, სართულშორის გადახურვის ნაწილად და გაფორმებისთვის გამოყენებულია ქართული აგური. გალავნის ოთხივე კუთხეში მთელი კორპუსით გარეთ გასული მრგვალი კოშკებია, ჩრდილოეთის და დასავლეთის კედლების შუაში ნახევარწრიული, ხოლო აღმოსავლეთის კედლის შუაში სწორკუთხა კოშკია. აღმოსავლეთის კოშკი ამავე დროს ციხის კარიბჭის ფუნქციას ასრულებდა. ჩრდილოეთის და დასავლეთის კოშკების პირველ სართულზე ციხის კუტი კარები ყოფილა (ამჟამად დასავლეთის ამოშენებულია). კოშკები ყველა სამსართულიანია. სართულები საბრძოლო-საცხოვრებელი დანიშნულებისაა.
გალავანი ორ და სამიარუსიანია. პირველი იარუსის კედლები გაცილებით სქელია, ზემოთა იარუსებზე კედლები უფრო თხელი ხდება. იარუსები საბრძოლო ბილიკების როლს ასრულებდა. იარუსებზე მოხვედრა კოშკების საშუალებით ხდებოდა. პირველი იარუსის დონეზე კედლებს შვერილები აქვს, რომლებიც ხის ბილიკის საყრდენი უნდა ყოფილიყო. მიწიდან ერთი მეტრის სიმაღლემდე კედლები ყრუა, შემდეგ კი მასში სათოფურებია დატანებული.
ციხეს 20 მეტრის დაშორებით გარედან მეორე გალავანი ჰქონია, რომლის შესახებ ისტორიულ წყაროებშია ინფორმაცია დაცული. ახლა მისგან აღარაფერია დარჩენილი.
ციხე წარმოადგენს ციხე-გალავანს, დამახასიათებელს მე-17-18 სს. აღმოსავლეთ საქართველოს სათავდაცვო სისტემისათვის, რომლის დანიშნულება იყო მტრის შემოსევისას გარშემო მდებარე სოფლების მოსახლეობის შეფარება და დაცვა. ყვარლის ციხე გვიანდელი შუა საუკუნეების კახეთის ციხეებში ერთ-ერთი უდიდესია. მისი მნიშვნელობა თავის დროსვე ხაზგასმული იყო როგორც ქართველთა, ისე მტრის მიერ, როცა ციხის დაცვა და მტრისგან აღება გაიგივებული იყო კახეთის დაცვასა და დაცემასთან.
ციხეს რესტავრაცია 1985-87 წწ. ჩაუტარდა.
ციხის ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია 1755 წლის ყვარლის ბრძოლა: ავარიის ხანმა ნურსალ-ბეგმა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ მთელი დაღესტანი დალაშქრა და ყვარლის ციხეს შემოარტყა ალყა. ციხეში გამაგრებულმა მეციხოვნეებმა დიდხანს გაუძლეს ალყას მაგრამ ბოლოს თოფ-წამალი და საკვები შემოაკლდათ. მეფე ერეკლეს გადაწყვეტილებით, მოხალისეები რომლებიც შეძლებდნენ მეციხოვნეებთან შეღწევას და სანოვაგის და იარაღის მიწოდებას ყმობიდან განთავისუფლდებოდნენ. 206 კაცისგან შემდგარმა რაზმმა მეფის დავალება შეასრულა და ყვარლის ციხეში გამაგრებულებს იარაღი და სანოვაგე მიაწოდა. პარალელურად ერეკლეს მარბიელმა ლაშქარმა ჭარ-ბელაქნის დარბევა დაიწყო. დაღესტნელები მიხვდენენ რომ ციხე დანებებას არ აპირებდა, ამიტომ ალყა მოხსნეს და უკან გაბრუნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები