ნასოფლარ ვარჯაანის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთში, ნასოფლარ ვარჯაანის ტერიტორიაზე მდებარე შუა საუკუნეების დარბაზულ ეკლესიას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის  11 მაისის ბრძანებით მიიღო.
დარბაზული ეკლესია (9,85 X 5,6 მ.) სოფლის სასაფლაოზე დგას. ის ნაშენია ადგილობრივი ჯიშის კლდის ქვის შერჩეული ქვებით. ქვედა რეგისტრში ქვები დიდი ზომისაა, ზემოთ – პატარა. ინტერიერი: აღმოსავლეთით ნახევრწრიული ფორმის აფსიდაა, ცენტრში ვიწრო, თაღოვანი სარკმელით. აფსიდის კონქი სფერულია. სარკმელის ქვემოთ კედელზე მიდგმულია ქვით ნაშენი და კირით შელესილი სწორკუთხა ტრაპეზი. ტრიუმფალური თაღი აფსიდის კუთხეებზე დასმულ მარტივპროფილიან კარნიზებს ეყრდნობა.
გრძივი კედლების შუაში სამსაფეხურიანი პილასტრებია, შუა ნაწილს ეყრდნობა ნახევარცილინდრული კამარის დამჭერი თაღი, რომელიც, თავის მხრივ მარტივპროფილიან კარნიზებს ეყრდნობა. გვერდითი საფეხურებიდან გრძივ კედლებზე გადადის თაღედები, რომლებიც აღმოსავლეთით აფსიდის გვერდთან შეწყვილებულ ნახევარპილასტრს და დასავლეთით კუთხეში მიდგმულ ნახევარპილსტრს ეყრდნობიან.
იატაკი მთლიანად აყრილია და მიწის ფენითაა დაფარული. დასავლეთის კედელი ყრუა, არც სარკმელია, არც შესასვლელი. სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში სწორკუთხა შესასვლელია, ზედა ნაწილში – ორი თაღოვანი სარკმელი. ინტერიერის კედლებს შერჩენილი აქვს ნალესობის კვალი.
აღმოსავლეთი ფასდის სიბრტყე მოკლებულია რაიმე მორთულობას, გამოდის ვიწრო, თაღოვანი სარკმელის ღიობი.
ჩრდილოეთი და დასავლეთი ფასადები ყრუ სიბრტყეებს წარმოადგენენ. სამხრეთ ფასადს მოგვიანებით მიაშენეს სათავსი, რომელსაც აღმოსვლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს ცენტრში ვიწრო, თაღოვანი სარკმელით. კონქი სფერული ფორმისაა. მინაშენის კამარა დანგრეულია, ის ჩრდილოეთით ეყრდნობოდა ეკლესიის სამხრეთ ფასადზე მიშენებულ თაღედებს, რომელიც ოთხი თაღისაგან შედგება, მათგან სამი შეისრული ფორმისაა, ხოლო მეოთხე, რომელიც ეკლესიის შესასვლელს არის მიშენებული – მრგვალი თაღითაა. მინაშენის აღმოსავლეთი, სამხრეთი და დასავლეთი კედლების გადრჩენილი მონკვეთები მთლიანად მიწითაა დაფარული.
ეკლესიის სახურავი დაზიანებულია და კამარა გაშიშვლებულია.
ეკლესიას თარო კარნიზი ჰქონდა, რომლის ფრაგმენტები შერჩენილია ფრონტონებზე.
ნანგრევებში არის ქართული კრამიტები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ტაძარი კრამიტით იყო გადახურული. ეკლესიის გარშემო აწეულია მიწის დონე, ამოსულია დიდტანიანი ხეები, მის უახლოეს სიახლოვეს დაგროვილია ეკლესიიდან ჩამოცვენილი ქვები, რომლების გროვები მიწის ფენითაა დაფარული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები